24-27 სექტემბერი, 2026
თბილისის
მე-11 საერთაშორისო
ლიტერატურული
ფესტივალი
მეხსიერება, როგორც წინააღმდეგობა
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს უკვე მეთერთმეტედ გაიმართება და მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ავტორს უმასპინძლებს.
წლევანდელი ფესტივალის კონცეფციაა „მეხსიერება, როგორც წინააღმდეგობა“.
მეხსიერება მხოლოდ წარსულის ხსოვნა არ არის – ის დიდწილად განსაზღვრავს, ვინ ვართ, როგორ გვესმის აწმყო და როგორი მომავლის წარმოდგენა შეგვიძლია. ავტორიტარული რეჟიმები ცდილობენ ადამიანების, მათი ისტორიების, სახელებისა და მეხსიერების წაშლას. იქ, სადაც მეხსიერება იშლება, თავისუფლებაც საფრთხეშია.
ფესტივალზე შეკრებილი ქართველი და უცხოელი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები იმსჯელებენ მეხსიერების, თავისუფლებისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართებაზე. მიუხედავად მნიშვნელოვანი ისტორიული და პოლიტიკური განსხვავებებისა, ლიტერატურას ყოველთვის აქვს ძალა, მისცეს ხმა მათ, ვისთვისაც ხმის წართმევას ცდილობენ, შეინახოს ინდივიდუალური თუ კოლექტიური მეხსიერება, რაც წარსულის ცოდნისა და შეცდომების არგამეორების წინაპირობაა.
ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა თანამედროვე ქართულ დოკუმენტურ პროზას, რომელიც ასახავს და ინახავს კონკრეტულ დროსა და რეალობას, აღბეჭდავს იმას, რაც შეიძლება სწრაფად ცვალებად სამყაროში უკვალოდ გაქრეს. დოკუმენტური პროზა პირად გამოცდილებას კოლექტიურ ცოდნად, ერთგვარ ისტორიულ არქივად გარდაქმნის, ინახავს რა საერთო მეხსიერებას ბრძოლისა და თავგანწირვის შესახებ.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წელს დაარსდა „მწერალთა სახლში“ და ქვეყნის კულტურული ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილად, კავკასიის რეგიონში უნიკალურ ლიტერატურულ მოვლენად იქცა, რომელიც ხელს უწყობს მრავალფეროვანი კულტურული პროცესის განვითარებას და თბილისს რეგიონულ კულტურულ ცენტრად აქცევს. ფესტივალის განმავლობაში იმართება თემატური დისკუსიები, პრეზენტაციები, შეხვედრები ქართველ და უცხოელ მწერლებთან, ლიტერატორებთან, მთარგმნელებსა და პერფორმერებთან. ფესტივალი თანამედროვე სახელოვნებო პროცესებთან წვდომის საშუალებას აძლევს ლიტერატურითა და ხელოვნებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას. 10 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს 200-ზე მეტი ავტორი ეწვია 50-მდე ქვეყნიდან, ჩატარდა 350-მდე კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება.
ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა კულტურის სფეროს. სამთავრობო ორიგანიზაციების კარი ჩაიკეტა დამოუკიდებელი მწერლებისა და ხელოვანებისთვის. 2024 წლიდან ლიტერატურული ფესტივალი „პენ საქართველოს“ – სიტყვის თავისუფლების, სამწერლო და ჟურნალისტური საქმიანობის დამცველი ორგანიზაციის – ეგიდით იმართება. აქედან იწყება ფესტივალის სიცოცხლის ახალი ეტაპი: სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობის გარეშე, ალტერნატიულ სივრცეებში.
ორგანიზატორებისთვის წლევანდელი ფესტივალი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მეტ ადამიანს მივაწვდინოთ საპროტესტო ხმა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ფესტივალიც დარჩება საქართველოს ლიტერატურული ცხოვრების ისტორიაში, როგორც საინტერესო და შთაგონების მომცემი მოვლენა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილი.
2026
პროგრამა
ფესტივალის ოფიციალური გახსნა
შეხვედრა ავტორთან: დანიელ ვისერი (ავსტრია)
დისკუსია: „როგორ ინახავს ლიტერატურა მეხსიერებას?“
ნაირა გელაშვილი საუბრობს რილკეს შემოქმედებაზე
აუდიო-ვიზუალური პერფორმანსი
დისკუსია: „ლიტერატურული ხმები ბავშვთა უფლებებისთვის“
ქართული დოკუმენტური პროზა
დისკუსია: „ავტორიტარიზმი და კოლექტიური მეხსიერება“
შეხვედრა ავტორთან: მარკ ნოვაკი (აშშ)
ქართული დოკუმენტური პროზა
შეხვედრა ავტორთან: კრიპა (ინდოეთი)
შეხვედრა ავტორთან: ლუსინე ხარატიანი (სომხეთი)
შეხვედრა ავტორთან: ლუკა ბრუნონი (შვეიცარია)
დისკუსია: „მწერლობა ზეწოლის პირობებში
მივიწყებული ფემინისტური ხმა ქართულ პოეზიაში
შეხვედრა ავტორთან: ოლენა ჰერასიმიუკი (უკრაინა)
მრგვალი მაგიდა – ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია
ვორქშოფი: „როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ბავშვთა უფლებებზე ხელოვნების საშუალებით?“
დისკუსია „ლიტერატურა და წინააღმდეგობა თარგმანში“
წიგნის წარდგენა: ცვლილებების ხმა
ქართული დოკუმენტური პროზა
შეხვედრა ავტორთან: ელიზა კონცკა (პოლონეთი)
ავტორთან შეხვედრა: ულრიკე ალმუტ ზანდიგი (გერმანია)
შეხვედრა ავტორთან: დიმიტრის დიმიტრიადისი
თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
სპონსორები და პარტნიორები
საერთაშორისო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
წელს ფესტივალის განხორციელებაში ჩვენი მხარდამჭერი ორგანიზაციების როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
წარმოგიდგენთ თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სპონსორებსა და პარტნიორებს:
