მარტონ შიმონი (უნგრეთი )
მარტონ შიმონი (დაიბ. 1984) უნგრელი პოეტი, პერფორმერი და მთარგმნელია. ლექსებს 2004 წლიდან აქვეყნებს. გამოცემული აქვს პოეზიის ხუთი კრებული და spoken word-ის ერთი ალბომი. არის MacDowell-ის სტიპენდიატი, მიღებული აქვს ვიშეგრადის ფონდის და პეტერ ჰორვათის სახელობის ლიტერატურული სტიპენდია, ეს უკანასკნელი 35 წლამდე ასაკის საუკეთესო უნგრელ მწერლებს ენიჭებათ.
2026 წელს მიიღო ანდრაშ ფერენც კოვაჩის პრემია. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, პოლონურ, თურქულ, რუმინულ, კატალანურ და ბულგარულ ენებზე. მისი ლექსების ინგლისური თარგმანები (მთარგ. ტიმეა შიპოში) ქვეყნდება ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალებში. მარტონ შიმონის პირველი პოეტური კრებული „სიმღერები დილის 3:45 საათზე“ ინგლისურ ენაზე 2021 წელს გამოსცა გამომცემლობა The Offending Adam Press–მა. 2024 წელს მარტონ შიმონმა დააარსა დამოუკიდებელი გამომცემლობა Okapi Press. მარტონ შიმონს აქვს მაგისტრის ხარისხი იაპონიის კვლევებში.
ეს შესანიშნავი ტელეშოუ იქნებოდა
მე მინდოდა დამეწერა ომზე, ამიტომაც მოვედი, რათა დამეწერა მასზე,
მაგრამ რაღაც მიშლიდა ხელს და მიფანტავდა ყურადღებას,
ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, უბრალოდ ყველაფერი საინტერესოა,
ყველა შვებულებაშია, ქორწინდებიან, ძაღლებს და ცხენებს ყიდულობენ,
ტოლმას ამზადებენ, თაგავენ სანაყინეს და ზღვას, როგორც ჩანს
ეს ყველაფერი ომზე უფრო მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ მინდოდა
დამეწერა ომზე, ამიტომ მოვედი, რომ დამეწერა მასზე, მაგრამ მკითხეს,
ვყოფილვარ თუ არა ფრონტის წინა ხაზზე და ვუთხარი, რომ არა,
არ ვყოფილვარ და ასე იმიტომ ვთქვი, რომ მართლა არ ვყოფილვარ,
რაზეც მომიბრუნდნენ და მკითხეს, მაშინ რატომ გინდა ამაზე წერაო და
აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა, კაი ბატონო, არ ვარ ახირებული, მართლა არა,
შემიძლია სხვა რამეებზეც ვწერო, უბრალოდ მაშინ მათ რამენაირად
მოაგვარონ, რომ ეს სამწლიანი ვაი-ვიში დასრულდეს საბოლოოდ,
არ დავწერ ამაზე ერთ სიტყვასაც, შეწყდეს ოღონდ ეს ყველაფერი, რადგან
მე იმედი მქონდა, რომ თუ ამაზე დავწერდი, შეიძლებოდა შემწყდარიყო,
ამიტომაც მოვედი, რომ მასზე დამეწერა, შევერთებოდი საომარი ლექსების
დიად ტრადიციას, რომელსაც ცოტა ძველმოდურად ვთვლიდი და
გამქრალი მეგონა, როგორც ეგზისტენციალური სიღრმე კუბოკრული
პიჯაკების და სიბნელეში მოსაუბრე მკვდრების, რომელთაც სახეზე
ბალახის ფოთლები უღიტინებთ, მე ასევე მეშინოდა ატმოსფეროს შეცვლის,
პუბლიკის განწყობის გაფუჭების, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, მოდით,
კარგად მოვიქცეთ, ნუ წამოვწევთ ამ თემას ვახშმის დროს, მოდით,
შესაძლო მსხვერპლნი მივაწყოთ ქოლგების გვერდით, დაე სიკვდილმა
ფეხები გაიწმინდოს, თორემ მოვისვრი მას აქედან, დიახ, სწორედ ამ
წარმოუდგენელი უხერხულობის გამო მინდოდა დამეწერა ომზე,
ამიტომ მოვედი, რომ მასზე დამეწერა, აქ, ნებისმიერ ადგილას, არ ვიცი,
სად შეიძლება წერა ამაზე, ვეებერთელა, ბნელი ტყის შუაგულში ხომ არა,
სადაც უეცრად ვკარგავ სტრიქონებს, რომლებიც ჩემი ცხოვრების როლებს
შეესატყვისება, ამიტომ იყო, რომ ძილ-ბურანში მყოფი ვიკრუნჩხებოდი
მანქანის საბურავებით დანაწევრებულ, ცივ პეიზაჟში, და როგორც თაგვი
ორმოში, დღეთა განმავლობაში ვიჯექი ამოკეტილ სადამკვირვებლო პუნქტში,
ვიღებდი სელფებს, რათა შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ვიცოდი, სად
ვიმყოფებოდი, მე არ ვიცოდი, სად დავწერდი ამის შესახებ, ვფიქრობდი, სადმე,
რადგან უნდა მეთქვა, რაღაც უნდა მეთქვა, მე მინდოდა დამეწერა ომზე
შემორჩენილი ღირსების გამო, მე მოვედი მხოლოდ და მხოლოდ ამაზე
საწერად, მაგრამ რა არის ომი, რა არის ღირსება, ღმერთო ჩემო, ეს მე არ ვიცი,
არ ვიცი მართლა, და ვარ მარტო, ხოლო ირგვლივ, გარდა ამისა, მოულოდნელად
დაიწყო თოვაც.
თარგმნა შოთა იათაშვილმა
