თბილისისი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TIFL) 2015 წლიდან მწერალთა სახლის ორგანიზებით, ქვეყნის ლიტერატურული ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია. კავკასიის რეგიონში უნიკალური ლიტერატურული მოვლენის სტატუსის მქონე ფესტივალი ხელს უწყობს მრავალფეროვანი კულტურული პროცესის განვითარებას, რაც თბილისს რეგიონულ კულტურულ ცენტრად აქცევს.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ერთ კვირის განმავლობაში აერთიანებს ქართულ და საერთაშორისო ლიტერატურას, საზოგადოებას კი თანამედროვე სახელოვნებო პროცესებთან წვდომის საშუალებას აძლევს, როგორც დისკუსიების, პრეზენტაციების, ავტორებთან შეხვედრების, პერფორმანსების ისე საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. ფესტივალი გამორჩეულია თავისი ფართო ზემოქმედებით მომიჯნავე სფეროებზე. ის ბრწყინვალე შესაძლებლობებს უქმნის თანამედროვე ავტორებს, ლიტერატურის კრიტიკოსებს, მკვლევარებსა და მთარგმნელებს, რათა ჩაერთონ საერთაშორისო ლიტერატურული მიმოცვლის დინამიკურ და მუდმივად განვითარებად სამყაროში. TIFL მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს ლიტერატურულ ჟურნალებთან, გამომცემლობებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
მრავალფეროვანი და გამოწვევებით სავსე ცხრა წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულმა ფესტივალმა 40-ზე მეტი ქვეყნიდან 200-მდე ავტორს უმასპინძლა, მოაწყო 300-ზე მეტი ღონისძიება მწერლების, პოეტების, კრიტიკოსების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურის სხვა პროფესიონალების მონაწილეობით; ხელი შეუწყო წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, შექმნა ციფრული არქივი და არაერთი მხატვრული ვიდეო-ინტერვიუ ავტორებთან. ფესტივალის სცენამ უმასპინძლა არაერთ მნიშვნელოვან ავტორს, მათ შორის ტომას ვენცლოვას, დი ბისი პიერის, ჩარლზ ბერნშტეინს, ბლეიკ კრაუჩს, ეთგარ კერეტს, სერჰი ჟადანს, მელანია მაცუკოს, მაიკლ პალმერს, ნინო ხარატიშვილს, ბერნჰარდ შლინკს, იური ანდრუხოვიჩს, არიანა ჰარვიცს, ლევ რუბინშტეინს, დიმიტრი ბიკოვს, ბობ ჰოლმანს, ტადეუშ დობროვსკის, დანიელ ვისერს, არნე სვინგენს და სხვებს.
მმართველი პარტიის პოლიტიკურმა რეპრესიებმა და პირდაპირმა ჩარევამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა ადგილობრივ კულტურულ სფეროში. შემოქმედებითი პროცესების დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, 2024 წელს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი პირველად გაიმართა PEN საქართველოს ეგიდით ალტერნატიულ სივრცეებში, მეგობარი ორგანიზაციებისა და კერძო სპონსორების მხარდაჭერით. PEN საქართველო არის TIFL2025-ის ორგანიზატორიც.
ფესტივალის გუნდი
გუნდი
შოთა იათაშვილი
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის თანადამფუძნებელი და ლიტერატურული კონსულტანტი
ლელა შუბითიძე
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის თანადამფუძნებელი, იდეის ავტორი
ნატალია ლომოური
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დირექტორი, თანადამფუძნებელი