Testimonials

რას ამბობენ

ჩვენ შესახებ ფესტივალის მონაწილეები

ყველაზე მეტად გულში მომხვდა და დღემდე არ მტოვებს იმის განცდა, რომ თბილისი თავისთავად არის ტექსტი. ერთგვარი ქალაქი-რომანი, ყველაზე შორეული თაროდან გადმოღებული, მხოლოდ იმისთვის, რომ გონებაში გააცოცხლო ზოგიერთი ფურცელი. როგორც კი წიგნს შლი, მაშინვე ეჯაჭვები მას, და მისი ქუჩები მტვრიანია, როგორც ბუკინისტური გამოცემის გვერდები, და პოეტები ჰგვანან კრიმინალური დრამების გმირებს, და მისი ქალები ითხოვენ, რომ მათ რითმით მიმართავდნენ. ხოლო როცა რომანს ბოლომდე ჩაიკითხავ, გულდაწყვეტით გადადებ გვერდზე. მაგრამ გადადებ ახლომახლო, რათა ყოველთვის შეგეძლოს ხელით მიწვდე მას.

სერგეი ჟადანი

უკრაინა

მწერალთა სახლი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ადგილია, ფესტივალი კი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ღონისძიება, რომლის მონაწილეც ვყოფილვარ. ქვეყნის კულტურა არაჩვეულებრივია, ქალაქი კი, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი. ხალხი ძალიან თავაზიანი და სტუმართმოყვარე. იმედია, მალე დავბრუნდები.

ბლეიკ კრაუჩი

აშშ

​ყველასგან განსხვავებული ფესტივალი არაჩვეულებრივ სასახლეში. სახლში, სადაც სიცოცხლე და ამბები ისე რეკენ, როგორც მუსიკალური ყუთის ხმა. აქ შეხვდებით ევროპის ყველა ენის ხმას და კიდევ უფრო მეტს. აქ გაქვთ ამოუცნობი საქართველოს ხმების მოსმენის იღბლიანი შანსი. სიტყვების დიდი წვეულება ლამაზი, მეგობრული და ცოცხალი დედაქალაქის გულში. ადგილი, რომელიც უნდა მოინახულო, სადაც უნდა დარჩე და დაბრუნდე.

მელანია მაცუკო

იტალია

​​წლების განმავლობაში მრავალ ფესტივალს დავსწრებივარ, მაგრამ არცერთი არ ყოფილა თავისი მასშტაბით ისეთი განმანათლებლური და საერთაშორისო, როგორც თბილისის. ამ ფესტივალზე შედგა სწორედ ისეთი კულტურული დიალოგი, როგორსაც მოელი ასეთი შეხვედრებისა და შემთხვევებისგან. ფესტივალის გუნდის სითბო და გულუხვობა კი ნამდვილად შეუდარებელი იყო. ამას დავუმატოთ თავად საქართველოს არაჩვეულებრივი, უძველესი და თანამედროვე კულტურული ლანდშაფტი, რომელიც ფესტივალმა ყველა მონაწილეს წარუდგინა და იქ ყოფნის გამოცდილება ღრმად დასამახსოვრებელი გახადა.

მაიკლ პალმერი

აშშ

საქართველო ცივილიზაციების გზაჯვარედინია, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი კი – ენების. ინტიმური ყაიდის ფესტივალი, თავდადებული გუნდითა და შთამბეჭდავი ადგილებით, ზედგამოჭრილი გარემოა ტრანსფორმაციული საუბრებისა და მაცოცხლებელი პერფორმანსებისთვის. აქ პოეზია ითქმის!

Charles Bernstein

USA

​​წლების განმავლობაში მრავალ ფესტივალს დავსწრებივარ, მაგრამ არცერთი არ ყოფილა თავისი მასშტაბით ისეთი განმანათლებლური და საერთაშორისო, როგორც თბილისის. ამ ფესტივალზე შედგა სწორედ ისეთი კულტურული დიალოგი, როგორსაც მოელი ასეთი შეხვედრებისა და შემთხვევებისგან. ფესტივალის გუნდის სითბო და გულუხვობა კი ნამდვილად შეუდარებელი იყო. ამას დავუმატოთ თავად საქართველოს არაჩვეულებრივი, უძველესი და თანამედროვე კულტურული ლანდშაფტი, რომელიც ფესტივალმა ყველა მონაწილეს წარუდგინა და იქ ყოფნის გამოცდილება ღრმად დასამახსოვრებელი გახადა.

მაიკლ პალმერი

აშშ

თბილისში სტუმრობა პოეტურ სამოთხეში სტუმრობას ჰგავს! განსაკუთრებით ახლა, როცა პოლიტიკა ქუჩაშია გამოსული და პოეზიის ხმის სიხშირეს მწერალთა სახლის გუნდი უზრუნველყოფს. თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ქართული პოეზიის დიდებულ ისტორიას წარმოაჩენს გლობალურ კონტექსტში, რომელსაც ის ბუნებრივად მიეკუთვნება. გაუმარჯოს ცისფერ ყანწებს! გაუმარჯოს საქართველოს თავისუფალ პოეზიას!

ბობ ჰოლმანი

აშშ

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი უნიკალური და
სიცოცხლით სავსე მოვლენაა, რომელიც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე უფრო განსაცვიფრებელ ქალაქში ხდება. ის სწორედ ისე ეხმარება ლიტერატურას, როგორც მას სჭირდება: ისეთი ღრმა ურთიერთკავშირის დამყარებით ადამიანებსა და კულტურებს შორის, რაც არსებულ საზღვრებსა და სოციო-პოლიტიკურ აკრძალვებს სცდება და ყურადღების ცენტრში აყენებს შემოქმედებისა და ურთიერთობების სიხარულს. ღონისძიებები მიმზიდველი და მომაჯადოებელია, ორგანიზება _ უნაკლო, ფესტივალის
თანამშრომლები _ საქმისთვის თავდადებულნი, მგზნებარებით სავსე და ერთმანეთზე უკეთესები არიან. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დავსწრებივარ სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალს და თბილისის ეს ფესტივალი იმ იშვიათ გამონაკლისთა რიცხვშია, ყველა მონაწილის გონებაში სამუდამოდ რომ იმკვიდრებს ადგილს ისე, როგორც ეს ფესტივალი ჩარჩა ჩემს სულში. ეს იყო დაუვიწყარი, ფასდაუდებელი თავგადასავლი.

ნაიელ გრიფითსი

გაერთიანებული სამეფო

​ეს ლიტერატურული ფესტივალი ქუჩებითა და აივნებით დაფარული ჯადოსნური მთიანი ხედების ფონზე მიმდინარეობს. ჩემთვის თბილისი მზის ქალაქის სიზმრებიდან გამოსული ქალაქია – უნიკალური ანბანით, ენით, ხელოვნებით, სამზარეულოთი და საუკეთესო სტუმარმასპინძლობით, ღამის ორ საათზე დაუსრულებელი ღვინის სმითა და ზეიმით. ლიტერატურული საღამოების მასპინძელი მწერალთა სახლი დახვეწილი სივრცეა თავისი ისტორიული მემკვიდრეობითა და დიდი და ყურადღებიანი აუდიტორიით.​ ​განსაკუთრებით შემძრა ფესტივალის მიერ ორგანიზებულმა ტურმა „წითელი ტერორის“ შესახებ ტური მზით განათებული ქუჩებიდან სასტიკი ძალადობით დაღდასმული ადგილებისკენ გაგვიძღვა.​ ​​ქართული კულტურა უძველესია და ყველასგან განსხვავებული. ხელიდან არ უნდა გაუშვათ ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის ნახვის შესაძლებლობა! და მზად უნდა იყოთ ბევრი ლამაზი და სტუმართმოყვარე ადამიანის გასაცნობად.

ვალჟინა მორტი

ბელარუსი

სულ დაახლოებით 50 ფესტივალზე ვყოფილვარ, მაგრამ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ნამდვილად იყო საუკეთესო. და ბევრი კარგიც მინახავს. TIFL-ს აქვს ზუსტად ის კომბინაცია, რაც ლიტერატურას საინტერესო და ამაღელვებელს ხდის.

არნე სვინგენი

ნორვეგია

რასაც ახლა ვწერ
ახლოს ვერ მივა იმასთან
რასაც სინამდვილეში განვიცდიდი
რასაც ნიშნავდა ჩემთვის _
სიცოცხლით სავსე
უცნაური თავდავიწყებული
წამლეკავი და აღტაცებული ნაპერწკალი _
ქალისთვის რომელიც
უთავბოლოდ დადიოდა ქუჩებში
ქუჩებში რომლებიც ჰგავდა
ერთმანეთზე დაკერებული
ძველი და ახალი ქსოვილების ფარდაგს
რომლის ფოჩებიც ადამიანის
გაშლილ მკლავებს მომაგონებდა
ამ ყველაფერს ვიმახსოვრებდი
პირით და სულით
და ალბათ ამ დროს
ვინმე გიჟს ან გულუბრყვილო
არსებას ვგავდი
ვინც ხდება ხოლმე
უდიადესი სასწაულების მუდმივი მოწმე
სასწაული კი მართლაც იყო
ვყოფილიყავი მიწვეული
მეოცნებეთა დაუღალავი ოჯახის სუფრაზე
მერვე ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეებისაგან

ოჯახისა რომელიც თან ეფემერულია
და თან სიცოცხლით დამუხტული
სასწაული იყო ამ ყოველივეს
მნიშვნელობის შეგრძნება
და კიდევ ის
თუ რამდენად საჩქაროა
არ მოერიდო თვალის თვალში გაყრას
უცნობთა საუბრის გასაზიარებლად
და გარშემო არსებული
სამყაროსეული ხმაურის შესაცნობად
იმ სამყაროსი
რომელიც საკუთარ თავს
უმად ხარბად შეექცევა
რომელიღაც მოფარებულ კუთხეში
აი როგორი ყოფილა მშვიდობა _
ვფიქრობდი ამ დროს ხელში ჭიქით
ტუჩით შუბლზე
ცრემლით ნიკაპზე
და ვხედავდი როგორ ვდნებოდი
ადამიანობის მარადიულ არსში
ერთი იმედი ამოძრავებდა
სუფრის ყველა წევრს
და ამას ერთად გამოთქვამდნენ
ისე ხმამაღლა
ვიდრე სამყაროს შეუძლია
წარმოიდგინოს

პოლინ პიკო

საფრანგეთი

თბილისში რამდენჯერაც უნდა ჩამოვიდე, იმდენჯერ წელიწადის მეხუთე, მოულოდნელი დრო მხვდება – ზაფხული გაზაფხულის ან ზაფხული შემოდგომის შუაგულში. მაშინებს იმის წარმოდგენა, რა შეიძლება მოხდეს, თუ ზაფხულში ჩამოვალ… საინტერესო ქალაქებში ლექსები მეწერინება, არასაინტერესო ქალაქებში კი – არა. თბილისის ფესტივალი ისეთი საინტერესოა, რომ უბრალოდ მენანება მათზე დროის ხარჯვა. აქ პოეზია უბრალოდ დასიზმრებას იწყებს. კედლებიდან თბილისური გრაფიტის გამოსახულებები გადმოდიან და ღამეულ ძაღლებს უხმობენ. ძაღლები ადამიანის ხმით გიწვევენ ტაილანდური მასაჟის მისაღებად. ტაილანდელი მასაჟისტები ბუკინისტები აღმოჩნდებიან და, სარგებლობენ რა ჩემი უცოდინრობით, ცდილობენ, ჩემივე ლექსების ქართული თარგმანები შემომასაღონ. და მეც, ყველა მასაჟისტთან და ბუკინისტთან ერთად ვჯდები სამარშრუტო ტაქსიში, ზღვა და მთები რომ მოვინახულო. „მარშრუტკა“ საცობში ხვდება, რადგან თბილისის ფესტივალზე ძალიან ბევრი პოეტია ჩამოსული და ყველას თავისი ღამის „მარშრუტკა“ ჰყავს. ამ დროს ერთ-ერთი მათგანის მძღოლი ხმამაღალ მუსიკას რთავს და მთელი ქალაქი, ღვინისა და ჩურჩხელის გამყიდველები, პოეტები და ღამეული ძაღლები, ზღვა და მთები სიმღერას ყვებიან და ცეკვას იწყებენ. „მარშრუტკიდან“ ჩამოსვლისას ბელარუსის სასაზღვრო კონტროლი მხვდება. მე მართმევენ ღვინოს და ჩურჩხელას, ზღვასა და მთებს და სიზმარში მოფიქრებულ ლექსებსაც კი. მიტოვებენ მხოლოდ ამ ტექსტს საბაჟო დეკლარაციის სახით.

ანდრეი ხადანოვიჩი

ბელარუსი