დიმიტრის დიმიტრიადისი (საბერძნეთი)
დიმიტრის დიმიტრიადისი (დაიბ. 1944 წ.) თანამედროვე საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, ესეისტი და მთარგმნელია. მისი პირველი პიესა „ამბოხის ფასი შავ ბაზარზე“ 1968 წელს პარიზში დადგა ცნობილმა ფრანგმა რეჟისორმა პატრის შერომ. 1978 წელს გამოქვეყნებული რომანის „ვკვდები, როგორც ქვეყანა“ შემდეგ, რომელიც თანამედროვე ბერძნული და ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად მიიჩნევა, დიმიტრიადისი ქმნის მრავალფეროვან და მნიშვნელოვან პიესებს, პროზას, პოეზიასა და ესეისტიკას. მისი პიესები არაერთი წამყვანი ევროპული თეატრისა და საერთაშორისო ფესტივალის სცენაზე დაიდგა. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც არიან პატრის შერო, თეოდოროს თერზოპულოსი, იანის კოკოსი, მიხალის მარმარინოსი და დიმიტრის კარანძასი. დიმიტრიადისის ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე, მათ შორის ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პორტუგალიურ, იტალიურ, კატალანურ, არაბულ, დანიურ, ალბანურ და ქართულ ენებზე.
ვკვდები როგორც ქვეყანა
(ფრაგმენტი)
და აი, სწორედ იმ წელიწადს, ყველაზე მეტ შეთქმულებას ჰქონდა ადგილი ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში. პარლამენტართა ფარა ცხვრებივით იყიდებოდა – ცხვირაბზეკილი დეპუტატები პარტიიდან საპირისპირო პარტიაში გადადიოდნენ – მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ასე დაეცხროთ საკუთარი ინტერესები და ოჯახური ამბიციები (ამბობენ, ტიპი მინისტრობას მარტო იმიტომ დათანხმდა, რომ მომაკვდავი დედისათვის ბოლო ოცნება აეხდინა, რადგან ქალს თურმე სამარეში მიჰყვებოდა დარდი იმაზე, რომ მისი შვილი ერთ უბრალო დეპუტატად დაბერდებოდა). ფანატიკოსმა პატრიოტებმა და ნაციონალისტებმა მთელი ქონება უცხოეთში გაზიდეს – იმ ურთიერთამრეკლავი რეჟიმების ხელშეწყობით, რომლებსაც ისინი თავის ჭკუაზე დაატარებდნენ – ხან ფულით და ხანაც გავლენიანი ნაცნობებით, (…) მმართველობა კი გადადიოდა ერთი ხელიდან მეორეში – თანმიმდევრულ ჩავარდნათა, დანაშაულთა და უთვალავი, სხვადასხვა სახის უუნარობის სწრაფი ტემპით იმგვარად, რომ გონებრივი და სულიერი დამბლის ზღვარსაც მიუახლოვდა. უკვე გარდაცვლილ, პოლიტიკურ წინამძღოლთა შეშლილ მიმდევრებს საფლავებიდან ამოჰყავდათ თავიანთი ბელადები – ხელში ატატებული, მიწიანი კუბოებით დაარბენინებდნენ მათ გვამებს და ექსტრემისტული ლოზუნგებით მოითხოვდნენ მათ დაბრუნებას ქვეყნის აქტიურ პოლიტიკაში, რადგანაც სწამდათ და ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ ამ მკვდრებს შესწევდათ ძალა, დაეხსნათ ერი ძირფესვიანი გაქრობისაგან. (…)
ბერძნულიდან თარგმნა თათია მთვარელიძემ
