ულრიკე ალმუტ ზანდიგი (გერმანია)
ულრიკე ალმუტ ზანდიგი აღმოსავლეთ გერმანიაში დაიბადა 1979 წელს და ოჯახთან ერთად ბერლინში ცხოვრობს. მას დღემდე გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების რამდენიმე კრებული, ხუთი პოეტური წიგნი და ორი რომანი; ასევე გამოცემული აქვს პოპ–მუსიკის ალბომები და შექმნილი აქვს რადიოპიესები. მისი ნაწარმოებების ინგლისური თარგმები Seagull Books–მა (კალკუტა / ნიუ–იორკი / ლონდონი) გამოსცა.
ზადიგის პოეტური კრებული „რაფსის ყანა ვარ, შვილებს ვმალავ და ვანათებ ისე, როგორც ცამეტი ფერწერული ტილო, ფენა-ფენა დალაგებული“ ქართულად ბელა ჩეკურიშვილმა თარგმნა და გამომცემლობა „მერიდიანმა“ გამოსცა 2023 წელს. მისი ბოლო გერმანულენოვანი წიგნია რომანი „ქარიშხალში“ (Schöffling & Co., 2026).
პოეტური პერფორმანსებისთვის ის თანამშრომლობს ისეთ კომპოზიტორებთან და მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ჰინემოანა ბეიკერი (ახალი ზელანდია / აოტეაროა), ალიფი (ინდოეთი) და გრიგორი სემენჩუკი (უკრაინა). ის უკრაინულ-გერმანული პოეტური კოლექტივის, „Landschaft“-ის ფრონტვუმენია. ჯგუფი აერთიანებს პოეზიას, კინოსა და ლუპებზე დაფუძნებულ ელექტრონულ მუსიკას.
ულრიკე ალმუტ ზანდიგი ევროპული პოეტური პლატფორმის Versopolis წევრი და გერმანული PEN-ის ბერლინის სექციის ერთ–ერთი დამფუძნებელია.
***
ეს არის მათი ძილისპირული, დაძინება
არ უყვარს ვისაც, მათი, ვინც მუდამ ამბოხს აწყობს
როდესაც ესმის: ხმას ნუ იღებთ! ჩააქრეთ შუქი!
ჩემო დაღლილო მეგობრებო, სკამები ბარში
მაგიდებზე შემოდგეს უკვე, ზუზუნით ცვლის
სარეკლამო დაფა პლაკატებს, კამერები
ბანკების კარს უთვალთვალებენ, ჩართულია
ღამის ყველა განათება და მორიგე ავტობუსები
გაჩირაღდნებულ ტაძრისაკენ მიირწევიან.
ჩვენ აქ მხოლოდ სურათებს აღვწერთ. მაგრამ
ვიცით კი, რა სახელი ჰქვია სიბნელეს?
ჩემო დაღლილო მეგობრებო, სიბნელისგან
თვალდაშრეტილნო, კარგი ამბების მოლოდინში
დღეები გადის, მაგრამ ისინი არავის მოაქვს.
ჩვენ კი ველით, რომ მოზუზუნე ოცნებებისგან
ორი-სამი მაინც ახდება. ველით ოთხი სამშვიდობო
ხელმოწერის გამოცხადებას, სიზმარში – ხუთ ვაშლს,
ექვს ტაძარს და შვიდ მსუქან ძროხას, გამოძინების
სრულ რვა საათს, ცხრა მეგობარს, აქ რომ გვაკლია.
ვითვლით რამდენი თითი გვაქვს ხელზე
და კვლავ ვჯიუტობთ, ძილს ახლოსაც არ ვეკარებით.
გერმანულიდან თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა
