ლუკა ბრუნონი (შვეიცარია)

ლუკა ბრუნონი  (დაიბ. 1982) რომანისტია. ის შვეიცარიის იტალიურენოვანი რეგიონის, ტიჩინოდანაა წარმოშობით. ის ნევშატელში ცხოვრობს და მასწავლებლად მუშაობს. წერს როგორც იტალიურ, ისე ფრანგულ ენაზე. მისი შემოქმედების მთავარი მიმართულებაა სოციალური თემატიკით გამდიდრებული ნუარის ჟანრი.

მისი რომანი „დუმილი“ (The Silences) ქართულ ენაზე 2022 წელს გამომცემლობა „აგორამ“ გამოსცა, მთარგნელი როზა ოდიშვილი.

 

დუმილი

(ფრაგმენტი)

წყალში ხელს ვყოფ და კანკალი მთელ მკლავში მივლის. პერანგს ვიძრობ და ქვედა კაბას ვიხდი. წინ ვიხრები, თმა რომ გავიშალო, ის-ისაა ქვედა საცვალი უნდა ჩავიწიო, რომ არტური ჩნდება. ცალი ხელით მკერდს ვიფარავ, მეორეთი კი კარის დაკეტვას ვცდილობ.

„მე შენ რა გითხარი კარებზე? ღია დატოვე.“

„კი, მაგრამ, უნდა დავიბანო.“

„მერე რა? ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ. იმის თქმა გინდა, რომ გრცხვენია?“

„არა, ბატონო, მაგრამ…“

„და კიდევ, სულ არ გიყურებ.“ თავს მთებისკენ აბრუნებს. „დროზე, გაინძერი.“ ვიხდი და ტაშტში ვჯდები. გული ძლიერად მიცემს, სიცივეს ვეღარც კი ვგრძნობ. არც კი ვიცი, ზუსტად რას ვგრძნობ. სირცხვილი სწორი სიტყვა არ არის, ეს უფრო შეწუხებაა, შეგრძნებაა კანზე.

არტური ისევ მთებს გასცქერის, მაგრამ ვხვდები, რომ ცალი თვალი ჩემკენ აქვს. ლამის ფეხზე წამოვდგე, მისკენ შევტრიალდე, რომ ერთი კარგად შემხედოს და მერე თავი დამანებოს.

უეცრად წინ იხრება. ახველებს. ისეთი ძლიერი ხველაა, თითქოს მიჯრით ისვრიანო. პირიდან ხელს იშორებს და ზედ დაჰყურებს. შემდეგ მუშტს კრავს, თითქოს რაღაცის დამალვა უნდა, და სწრაფი ნაბიჯებით მშორდება.

სიცივე მთელ სხეულში მივლის. სწრაფად და გაშმაგებით ვიბან, განსაკუთრებით იმ ადგილებს, სადაც ჭუჭყი ადვილად იკიდებს ფეხს: კისერს, იღლიებს, ქუსლებს, ფეხის თითებს შორის.

 

იტალიურიდან თარგმნა როზა ოდიშვილმა

Information

Follow