ოლენა ჰერასიმიუკი (უკრაინა)
ოლენა ჰერასიმიუკი (ჰერა) (დაიბ. 1991 წ.) უკრაინელი პოეტი, მწერალი, ომის ვეტერანი, სამხედრო ექიმი და საზოგადო მოღვაწეა.
მონაწილეობდა ღირსების რევოლუციაში. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დროს ირიცხებოდა მოხალისეთა სამედიცინო ბატალიონში, ასევე, სამხედრო ექიმად მსახურობდა ფრონტის წინა ხაზზე, მათ შორის ავდიივკაშიც.
ავტორია წიგნებისა „სიყრუე“, „სასჯელაღსრულების კალენდარი“, „ციხის სიმღერა“, ასევე, გამოსაცემად მზადაა მისი პოეტური კრებული „უხილავი ლექსები“. ოლენა ჰერასიმიუკი Nedopysani-ს თანადამფუძნებელია, ესაა პროექტი, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული უკრაინელი მწერლების ხსოვნას ეძღვნება. 2020 წელს ის ტარას შევჩენკოს ეროვნული პრემიის ფინალისტი იყო, 2025 წელს კი პრემიის, „ქალები ხელოვნებაში“ გამარჯვებული გახდა.
2024 წელს ევროპის სლემ-პოეზიის ჩემპიონატზე მოიპოვა ჟიურის სპეციალური პრიზი და გახდა პირველი პოეტი, რომელმაც უკრაინა მსოფლიო სლემ-პოეზიის ჩემპიონატზე წარადგინა. ოლენა ჰერასიმიუკი სამხედრო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის დაჯილდოებულია მედლით „სიცოცხლის გადარჩენისთვის“. მისი ლექსები თარგმნილია შვედურ და ლიტვურ ენებზე.
მარიუპოლის ხსოვნას
მე – პოეტი ვარ, რომელიც უხილავ ლექსებს ვწერ
ჩემი დახოცილი მკითხველებისთვის
ვდგავარ და ვკითხულობ ჩემს ახალ ლექსებს
მარიუპოლის დრამატული თეატრის სცენიდან,
რომელიც რუსულმა საჰაერო ბომბებმა
სრულად გაანადგურა
ვდგავარ სცენაზე, რომელიც
აღარ არსებობს, რომელიც
აღარ არის სცენა – სამარეა,
მის ქვეშ
ცოცხლად დამარხულან ათასობით
კაცი, ქალი და მათი შვილები –
მკვდრებიც, ცოცხლებიც და ჯერარშობილნიც.
ომი პოეზიის საორკესტრო ორმოა
და გუგუნებს მისი უხილავი ხელოვნება
გამჭოლ ჭრილობას გვიტოვებს ნამსხვრევებით,
გლეჯს წიგნების სხეულებსა და ადამიანებს, რომლებიც მათ კითხულობენ
ისე ხმამაღლა გუგუნებს ომის ხელოვნება,
ვერავინ გადაფარავს ოვაციებით.
გუგუნებს ომის ხელოვნება რუსული ტანკისა
და არტილერიის ხახიდან –
და ჩემი უკრაინული პოეზია
მხოლოდ სასოწარკვეთის სიმღერაა,
რომლის სურვილია, იგუგუნოს უფრო ხმამაღლა,
ვიდრე იმპერიის აფეთქებებმა,
უფრო ხმამაღლა, ვიდრე გლოვის ზარმა,
უფრო ხმამაღლა, ვიდრე მკვდართა დუმილმა
და ცოცხალთა გაშეშებამ
ჩემს პოეზიას სურს იყოს
უფრო ხმამაღალი, ვიდრე უსაფრთხო სამყაროს თანალმობა,
ვიდრე იმ მშვიდობიანი კონტინენტების მცხოვრებთა დუმილი, სადაც
საუკუნეებია არ ყოფილა ომი,
ვიდრე იმათი დუმილი, ვინც გვიყურებს საზღვრებს მიღმიდან,
ვინც უსაფრთხოდ არის თავისუფლების მხარეს და უყურებს
დამფრთხალ პოეტს, რომელიც დაბომბილ სცენაზე კითხულობს ლექსებს,
იმ ქალაქში, რომელიც სამყაროში აღარ არსებობს,
მხოლოდ იმ მსოფლიო რუკებზეა, რომელიც უკვე აღარ არსებობს –
მთელი პლანეტა დაეცა,
ჩემს ქვეყანაში დაეცა მთელი პლანეტა –
რუსული საჰაერო ბომბებით
ყველა მისხალით.
თქვენ – მაყურებელი ხართ და შეჰყურებთ დრამატული თეატრის სცენას
ქალაქ მარიუპოლში,
საიდანაც ნამსხვრევებით ცოცხლად დამარხული ათასების გალობა ისმის,
თქვენ უსმენთ იმათ ხმებს, ვისთანაც სისხლისმიერი ენით ვსაუბრობ –
ვისთანაც ვცხოვრობ საერთო სულით,
ვისთანაც ვსაუბრობ საერთო ტკივილით
და ფიქრობთ:
აი, ეს – პოეზიაა
აი, ეს – გართობაა
აი, ეს – სათამაშოა, რომლითაც შეიძლება ითამაშო მაშინაც,
როცა ის უკვე სისხლში წევს დაბომბილ მოედანზე,
სადგურის შუაგულში –
რომელიც აქ გადარჩენის ერთადერთი იმედია.
ვდგავარ და ვკითხულობ ჩემს ახალ ლექსებს დანგრეულ სცენაზე
მარიუპოლის დრამატული თეატრის,
თუმცა ეს აღარ არის ლექსები
ასე ისმის უკრაინელი პოეტის ხმაში
გენოციდის შავი სიმფონია
მხოლოდ ასეთი პოეზია ჟღერს
ომის საორკესტრო ორმოდან
და იფარება დუმილის ნაცრით
უკრაინულიდან თარგმნა ნატო ინგოროყვამ
