დანიელ ვისერი (ავსტრია)

დანიელ ვისერი (დაიბ. 1971) ავსტრიელი მწერალი, წერს რომანებს, მოთხრობებს, რადიოპიესებსა და პოლიტიკურ ესეებს. 2018 წელს ვისერს რომანისთვის „მთის დედოფალი“ (Königin der Berge) ავსტრიის წიგნის პრემია მიენიჭა. რომანი ქართულ ენაზე 2021 წელს გამოიცა. ბოლო წლებში ვისერმა დეტექტიური რომანების სერია გამოსცა, რომელსაც მკითხველი ავსტრიის სხვადასხვა ფედერალურ მხარეში მოგზაურობაში მიჰყავს. სერიის პირველი რომანი, „ოდესღაც სამოთხე უფრო ლამაზი იყო“ ახლახან ითარგმნა ქართულად. ისევე, როგორც „მთის დედოფლი”,, ეს რომანიც მზია გალდავაძემ თარგმნა და გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.

 

სამოთხე წინათ უფრო ლამაზი იყო

(ფრაგმენტი)

კორდეშის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ხედავდა, როგორ ადვილად პოულობდა ვიკი სრულიად უცხო ადამიანებთან საერთო ენას. მოტელში, სადაც ღამის გასათევად შევიდნენ, ვიკი ისე თავისუფლად ელაპარაკა მიმღებში მჯდომ კაცს, კორდეშმა გაიკვირვა, სერბული საიდანღა იციო, ვიკიმ კი უპასუხა, რუსულად ველაპარაკებოდიო. მერე დაიჟინა, ორადგილიანი ნომერი ავიღოთ, ასე ფულს დავზოგავთო და კორდეშის წინააღმდეგობის მიუხედავად, თავისი გაიტანა. კაცი დაბნეული იყო. გვერდით ახალგაზრდა ქალი ეწვა, ორადგილიან საწოლზე, ის კი ოდნავ განძრევასაც ვერ ბედავდა, იმის შიშით, ვაითუ შემთხვევით შევეხოო. საბედნიეროდ, იმ დღეს ცხრაასი კილომეტრი ჰქონდათ გამოვლილი და საჭესთან ჯდომას კორდეში ისე დაეღალა, ბალიშზე თავი დადო თუ არა, მაშინვე ჩაეძინა.

მეორე დღეს ბულგარეთის გავლით თურქეთში ჩავიდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ვიკის ეშინოდა და საპასპორტო კონტროლის გავლისას საშინლად ღელავდა, გადაკვეთეს თუ არა საზღვარი, გუნება წამსვე გამოუკეთდა. ბევრგან გაჩერდნენ, წაიხემსეს, ყავა დალიეს. ვიკი გაუთავებლად უყვებოდა ბავშვობის ამბებს. კორდეშს ქართული ანბანიც კი ჩაუწერა უბის წიგნაკში, ისიც ბეჯითად შეუდგა სწავლას და დღის ბოლოს უკვე იცოდა „ი“ როგორ იწერება. ამასობაში კიდევ ერთი ცხრაასი კილომეტრი მოიტოვეს უკან და ანკარის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბოლუს მიადგნენ. ამჯერად ორი ერთადგილიანი ნომერი აიღეს, გვერდიგვერდ. მოტელში კომუნიკაცია ისევ ვიკიმ აიღო საკუთარ თავზე. შეკითხვაზე, თურქული თუ იციო, ვიკიმ უპასუხა, ვენურ დიალექტს ჰგავს, ოღონდ თურქულში გაცილებით მეტი „უ“-უმლაუტიაო.

– ვენური საიდან იცი? – ჰკითხა კორდეშმა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. სამყარო თითქოს ამოტრიალდა: ვენელებს ვენური დიალექტი აღარ ესმოდათ, ეს მიგრანტი გოგონა კი ლაპარაკობდა.

 

გერმანულიდან თარგმნა მზია გალდავაძემ

Information

Follow