ადამ ზამოისკი (პოლონეთი)

ადამ ზამოისკი პოლონური წარმოშობის ბრიტანელი ისტორიკოსია. მის წიგნებს შორისაა ბესტსელერი „1812: ნაპოლეონის საბედისწერო ლაშქრობა მოსკოვზე“*  მისი გაგრძელება „მშვიდობის რიტუალები: ნაპოლეონის დაცემა და ვენის კონგრესი“ და კრიტიკოსთა მიერ აღიარებული ნაპოლეონის ბიოგრაფია, ასევე სხვა ნაშრომები, რომლებიც ევროპის ისტორიისთვის მნიშვნელოვან პერსონებს და მოვლენებს ეძღვნება.

პოლონეთის ისტორიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი წიგნი „პოლონეთის გზა“ რამდენიმე კვირის განმავლობაში ბესტსელერთა სიაში იყო და ათწლეულების განმავლობაში უწყვეტად გამოიცემოდა. წიგნის განახლებული ვერსია, „პოლონეთი: ისტორია“, დღემდე პოლონეთის ისტორიის ერთ-ერთ ძირითად მოკლე მიმოხილვად მიიჩნევა. ზამოისკის  წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი.

ზამოისკი თანამშრომლობდა დიდი ბრიტანეთის ყველა წამყვან გაზეთსა და პერიოდულ გამოცემასთან და არაერთ ქვეყანაში კითხულობს საჯარო ლექციებს – დიდ ბრიტანეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში. იგი მეუღლესთან, მხატვარ ემა სერჟანტთან ერთად, ლონდონსა და პოლონეთში ცხოვრობს.

 

„პოლონეთის ამბავი“

თუ რკინის ფარდამ ევროპა ფიზიკურად დაასახიჩრა, მისმა წინმსწრებმა და  გამომწვევმა პროცესმა კიდევ უფრო საფუძვლიანად დაამახინჯა ისტორია. პოლონეთის ისტორია პროცესის პირველი და ყველაზე დიდი მსხვერპლი შეიქნა. მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ისტორიას ასე არასდროს უზარალია. როცა რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ ერთმანეთში იგი დაინაწილეს, ორი წლის შემდეგ, 1797 წლის 26 იანვარს, ამავე სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს საიდუმლო მუხლის შემცველ კონვენციას, რომელშიც ხაზგასმული იყო „აბსოლუტური აუცილებლობა ყოველივე იმის ამოძირკვისა, რაც, ამ პოლიტიკური სხეულის გაუქმების შემდგომ, პოლონეთის სამეფოს არსებობის შეხსენებად გამოდგება“. ამ სულისკვეთებით გადაადნეს პრუსიელებმა პოლონეთის სამეფო საგანძური, ავსტრიელებმა მისი მეფეების სასახლეები ყაზარმებად აქციეს, რუსებმა კი დაიტაცეს, რუსეთში გაიტანეს და მიითვისეს ყველაფერი, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ, განსაკუთრებით  – დოკუმენტები. სამივე ამ სახელმწიფომ  ამოატრიალა და გადაწერა ისტორია, რათა შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს პოლონეთი არასოდეს ყოფილა სრულად სუვერენული სახელმწიფო, თითქოს მხოლოდ ერთი განაპირა მხარე ყოფილიყო, რომელიც ცივილიზაციის გარედან შეტანას საჭიროებდა.

პოლონურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

Information

Follow