მარკ ნოვაკი (აშშ)
მარკ ნოვაკი ამერიკელი პოეტი, ესეისტი და ორგანიზატორია. მისი წიგნებია Shut Up Shut Down, Coal Mountain Elementary, Social Poetics და …AGAIN (Coffee House Press). მას მიღებული აქვს Guggenheim-ის, Lannan-ისა და Creative Capital-ის ფონდების სტიპენდიები.
ნოვაკი 1970-იანი წლების პატიმართა პოეზიაზე მუშაობს; მან დაწერა შესავალი სელეს ტიზდეილის წიგნისთვის When the Smoke Cleared: Attica Prison Poems and Journal (Duke University Press, 2022). იგი არის Worker Writers School-ის დამფუძნებელი დირექტორი.
სადღაც
სადღაც მზე ანათებს და სადღაც სხვაგან ქარიშხლები და წყალდიდობებია სადღაც სიჩუმეა და სადღაც მეტისმეტად ბევრი ხმაურია ასეთ ქვეყანაში ისეთ მდგომარეობაში როგორშიც ჩვენ ვართ სადღაც ღრუბლების ფენაა და სადღაც ღრუბლების ცვენაა ან თუნდაც ღრუბლის ქულების ცვენაა სადღაც მაგრამ სავარაუდოდ ყველგან სამეთვალყურეო კამერებია უწყვეტი მეთვალყურეობა 24/7-ზე და სადღაც საიდუმლო სამსახურის სნაიპერები და სპეცრაზმელები არიან მაყუჩებით თავიანთ შორსმსროლელ შაშხანებზე ამხედრებულები სადღაც ცეცხლია და სადღაც I.C.E.-ა ასეთ ქვეყანაში ისეთ მდგომარეობაში როგორშიც ჩვენ ვართ სადღაც ჭინჭარია გზის პირას სადღაც თავშესაფარში დარჩენის ბრძანებებია და სადღაც სხვაგან საფონდო ვარიანტებია ასეთ ქალაქში ისეთ სოფელში როგორიც ეს სოფელია სადღაც მოიერიშეები არიან და სადღაც ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია ასეთ ქუჩაზე ასეთ ქვეყანაში როგორიც ეს ქვეყანაა მსროლელი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ერთადერთი ჭრილობით კვდება და სხვა ამბობს ეს ზუსტად ისეა როგორც სლოვაკეთში მოხდა.
მთარგმნელი პაატა შამუგია
