ლუსინე ხარატიანი (სომხეთი)

ლუსინე ხარატიანი (დაიბ. 1977 წ.) ერევანში მცხოვრები სომეხი მწერალი და კულტურული ანთროპოლოგია. გამოცემული აქვს ორი რომანი, ასევე არაერთი მოთხრობა და ესე.

მისი მხატვრული შემოქმედება მნიშვნელოვანწილად ეფუძნება ანთროპოლოგიურ კვლევებს, საველე მუშაობასა და მოგზაურობის გამოცდილებას. მისი პირველი მოთხრობების კრებული „კესანეს ჩიხი“ 2021 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მოკლე სიაში მოხვდა, ხოლო მეორე რომანი „სირიული რომანი“ ამავე პრემიის ფინალისტი გახდა 2023 წელს. 2025 წელს მიიღო ერევნის საერთაშორისო წიგნის ფესტივალის საროიანის სახელობის პრემია.

მისი მოთხრობები და ესეები თარგმნილია ინგლისურ, ქართულ, გერმანულ, ბერძნულ, მალტურ, პოლონურ და რუსულ ენებზე. ლუსინე ხარატიანი პენ სომხეთის წევრია, ხოლო 2021 წლიდან − ორგანიზაციის ქალ მწერალთა კომიტეტის თავმჯდომარე.

 

მოსკოვის დროით

(ფრაგმენტი) 

ფიზიკოსების ქალაქში დრო ფიზიკის კანონების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ერთი ფიზიკოსი მეგობარი ჰყავდა, კარენი. სტუდენტობისას, ერთხელ, დროის თემაზე გამართეს დისკუსია. თითოეული საკუთარი მეცნიერების გადმოსახედიდან ხსნიდა, თუ რა იყო დრო. მაშინ კარენმა თქვა, ფიზიკაში დრო არის ის, რასაც მოცემულ მომენტში საათის ისრები აჩვენებსო. ახლა, ნოვოსიბირსკის რკინიგზის სადგურზე, საათის ისრები 10:00-ს უჩვენებდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯერ მხოლოდ ექვსი იყო.

– კი მაგრამ, როგორ? საიდან უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ნოვოსიბირსკიდან გამავალი მატარებლის ბილეთზე მითითებული დრო ნოვოსიბირსკის დრო არ არის?

– თქვენ რა, ცხოვრებაში პირველად მგზავრობთ? რუსეთში ყველა მატარებელი მოსკოვის დროით მუშაობს, – თქვა ქალმა, ჩაი ხმამაღლა მოსვა და არმინეს ცხვირწინ მიუჯახუნა ფანჯარა.

არმინე გონს ვერ მოდიოდა. გონებაში ვერაფრით უთავსებდა ერთმანეთს, რომ ქვეყანაში, რომელიც თერთმეტ სასაათო სარტყელს მოიცავს, ვლადივოსტოკიდან ვლადიკავკაზამდე ყველა მატარებელი ერთსა და იმავე დროში იქნებოდა გაჭედილი. და თუ მატარებელი, მაგალითად, რუსეთ-ჩინეთის საზღვარს კვეთს, ისევ მოსკოვის დროში რჩება? ვთქვათ, ვლადივოსტოკში ღამეა, ვლადივოსტოკის ბაქანზე

შემდგარ მატარებელში კი – დღე. ფანტასტიკაა.

ისევ მიუკაკუნა მოლარეს ფანჯარაზე.

– მაინც, რატომ? – მაინც დასვა ეს მარტივი კითხვა.

– ასე მართვა უფრო ადვილია, – ჩაიბუტბუტა ქალმა და ფანჯარა ისევ დახურა.

სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა

Information

Follow