პშემისლავ სუხანეცკი (პოლონეთი)

პშემისლავ სუხანეცკი (დაიბ. 1992 წ.) პოლონელი პოეტი და მთარგმნელია. გამოცემული აქვს პოეზიის ხუთი კრებული: „ჩართვა“ (2019), რომელიც ნომინირებული იყო ვიესლავ კაზანეცკის სახელობის პრემიაზე, „O“ („შესახებ“, 2021), „კუთხეში“ (2023), „მოისარი“(2024) და „წისქვილის დოლაბები“ (2025). მისი ლექსები სლოვენურ ენაზე თარგმნა კატაჟინა შალამუნ–ბიედჟიცკამ, ხოლო უკრაინულად − ანა ზოტოვამ. პშემისლავ სუხანეცკი ამერიკელი პოეტებს, მათ შორის ჯონ ეშბერისა და არიანა რეინსის თარგმნის პოლონურად. ამჟამად ცხოვრობს კრაკოვში.

 

როცა მარტო ვარ

როცა მარტო ვარ, 

ვარ ფოთლებს შორის ვეება ბუშტი,

საკუთარი პეშვიდან წყლის ხვრეპის მოსურნე, 

წისქვილად ქცეულს

შევუპყრივარ სევდას, გემი ვარ,

გედი ვარ მწკრივში დარბაზების, უსასრულოში,

ერთ-ერთი ის ორგანო ვარ, რაღაცას რომ ქაჩავს სულ ჩვენთვის,

და ერთ-ერთი უკანასკნელი ამბოხებული,

ჩაბრძანებული სავარძელში, დატენილში კოდალების ჭრელი ბუმბულით.

ვარ არსებაც, ოთხფეხა და გაცხარებული,

დორბლების მყრელი, არეული მოსაზრებებით,

მეწამული ნიშანი და

ქარბორბალა, უკვე ჩამცხრალი.

კაბელი ბევრი დანიშნულებით, თანაც არცერთით,

ხმაურს ვერწყმი და

კარპატების ქედზე ვმაღლდები,

აზრი ვარ, არცერთ ენაზე  რომ არ გამოთქმულა,

ვარჭობ მზერას ცისფერ კედელს და ვუგებ სიყვარულს,

ტალახში ნათრევს,

ათასი წყვილი თვალი რომ აქვს – ლიბრგადაკრული,

ვარ ტყე, რომელშიც ვიძირები ლურჯი ტერფებით,

ვარ ერთი ბიტი ინფორმაციის

და რუბრიკა სულთა ვრცელი კატალოგიდან,

ელექტრობის ის ფართო ნაკადი,

ინტენსივობა მუსიკის რომ გადაქცია

კეთილგანწყობის ფაქიზ ქსოვილად,

სივრცედ გულის ზრიალსა და ყურის აპკს შორის,

შიშად ფუჭად გახარჯული მთელი სიცოცხლის,

ამოვლებად ყინულოვან ტყვიაში და

ჩახუტებისთვის შეცურებად მკლავთა ყურეში.

 

პოლონურიდან თარგმნეს შოთა იათაშვილმა და ქეთი ქანთარიამ

Information

Follow