კლემენს მაიერი (გერმანია)

კლემენს მაიერი დაიბადა ჰალეში 1977 წელს. დღეს ავტორი ლაიპციგში ცხოვრობს. მწერალმა სადებიუტო რომანი „როცა ვოცნებობდით“ 2006 წელს გამოსცა, მას მოჰყვა მოთხრობების კრებულები „ყველა ნათება“ და “ძალაუფლების ჩანაწერები“ (2011). 2016 წელს გამოვიდა მისი ბოლო რომანი „ქვაში“.  კლემენს მაიერს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ლაიფციგის წიგნის ბაზრობის პრემია. რომანი „ქვაში“ გერმანული წიგნის პრემიის მოკლე სიაში შევიდა და ბრემენის პრემიით დაჯილდოვდა. 2015 წელს კლემენს მაიერს და თომას შტუბერს გერმანიის სცენარისტების პრემია გადაეცათ ფილმის სცენარისთვის – „დერეფანში“. მაიერის პირველი რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, ანდრეას დრესენის „როცა ვოცნებობდით“ 2015 წელს ბერლინალეზე იყო წარდგენილი. ავტორის მოთხრობების ბოლო კრებული „მდუმარე თანამგზავრები“ გამომცემლობა „ფიშერმა“ გამოსცა.

 

როცა ვოცნებობდით

ბავშვურ თამაშებს ბრძოლები მოჰყვება: რიკო, მარკი, პაული და დანიელი ლაიfციგში იზრდებიან. მათი ბავშვობა ბერლინის კედლის დანგრევის შემდგომ პერიოდს ემთხვევა. მანქანის ქურდობა, ალკოჰოლი, შიში, მრისხანება და ნგრევა - ეს მათი ცხოვრებაა. ისინი ღამის ქუჩებში დაეხეტებიან, ერთობიან, ქურდობენ და მარცხდებიან. ისინი თავისუფლები და ცხოვრებას მინდობილნი არიან.

რომანი უშუალო, გაბრაზებული, მგრძნობიარე და ავთენტიკური ენით გვიყვება ოცნებაზე, რომ სადღაც მათ უკეთესი ცხოვრება ელოდებათ.