ანისურ რაჰმანი (ბანგლადეში/შვედეთი)

პოეტი ანისურ რაჰმანი დაიბადა ბანგლადეშში 1978 წელს. დჰაკასა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტებში სწავლობდა ენებს, ლიტერატურას, თეატრისა და კინოს ხელოვნებას. ლექსების გარდა ბენგალურ და ინგლისურ ენებზე წერს პიესებს, მოკლე მოთხრობებსა და ესეებს. მისი დებიუტი შედგა 2003 წელს პოეტური კრებულით „ცარიელი ჭიქა“. შვედურ ენაზე ნათარგმნი მისი პირველი პოეტური კრებული („ექვსი სეზონი“) კი 2012 წელს გამოიცა. ბანგლადეშში ჟურნალისტური მოღვაწეობის დროს რამდენიმეწლიანი პოლიტიკური დევნის გამო ის ამჟამად შვედეთში, ქალაქ უფსალაში ცხოვრობს, სადაც 2009-2011 წლებში იმყოფებოდა შვედეთის პენ-ცენტრის მიერ მიწვეული პოეტის სტატუსით. იყო მექსიკის სორ ხუანას უნივერსიტეტის, სტამბულის ბილგის უნივერსიტეტის და ოსლოს უნივერსიტეტში იბსენის კვლევის ცენტრის საპატიო სტუმარი.  როგორც დრამატურგი, თანამშრომლობს ნორვეგიისა და შვედეთის სახელმწიფო თეატრებთან და რადიოებთან. ინგლისურიდან ბენგალურად ნათარგმნი აქვს ჰენრიკ იბსენის პიესა და 50 ლექსი, იბსენის შესახებ გამოცემული აქვს ასევე ესეების კრებული. ანისური უძღვება შემოქმედებითი წერის ვორკშოპებს ოსლოში, უფსალაში, დაკასა და სხვა ქალაქებში. ამჟამად მუშაობს ქალაქ უფსალას ლიტერატურულ ცენტრში ლიტერატურული პროექტების ხელმძღვანელად.

მიწვეული პოეტი

 

მიწვეულ პოეტებს ვერ ნახავთ სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და ლიტერატურულ თავყრილობებზე.

ისინი ცხოვრობენ საპატიმროებში, მინდვრებში, ქარხნებში, ქუჩებში, ბაზრებსა და შრომა-გასწორებით კოლონიებში,

სადაც წარმოთქვამენ გამამხნევებელ შეძახილებსა და ოხრავენ ცხოვრებაზე.

პოეტები კუთხე-კუნჭულებში მიმალული სიცოცხლის კოლუმბები და ვასკო და გამები არიან.

                                                              

თუ რომელიმე თქვენგანი უფსალაში ჩემ შესახებ იკითხავს,

ეტყვიან, რომ ამ სახელისა და გვარის კაცი უფსალაში მიწვეული პოეტია.

 

მე კი გეტყვით, რომ ანისურ რაჰმანი სულაც არ არის პოეტი,

ის, უბრალოდ, შტორმში მოყოლილი ჩიტის სულია -

 

ჩიტის, რომელიც ქარიან ღამით თავს შეაფარებს სასახლეში

და ერთადერთი, რასაც ელის, განთიადია... შტორმის შემდგომი განთიადი...

 

ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა