ტომას ვენცლოვა დაიბადა კლაიპედაში, ლიტვაში, 1937 წელს. დღეს ის აშშ-ის მოქალაქეა. ვენცლოვა იელის უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურის ემერიტუს პროფესორია. არის მრავალი პუბლიკაციის: პოეტური კრებულების, ესეების, ლიტერატურული ბიოგრაფიების, ნარკვევების ავტორი. მისი ნაწერები ოცამდე ენაზეა თარგმნილი. ტომას ვენცლოვა მონაწილეობდა ლიტვის და საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობაში. იყო ლიტვის ჰელსინკის ჯგუფის დამაარსებელი (1976). 1977 წელს მან უარი თქვა საბჭოთა მოქალაქეობაზე და ამავე წელს გახდა საერთაშორისო პენკლუბის წევრი. ავტორს მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის: ვილენიკას საერთაშორისო ლიტერატურული პრემია (1990); ლიტვის ეროვნული ჯილდო (2000); ქინჰაის პოეზიის პრემია (ჩინეთი) (2011); პეტრარკას პოეზიის პრემია (გერმანია) (2014). ტომას ვენცლოვას ეკუთვნის პოეზიისა და ესეების არაერთი კრებული. მისი 60-მდე წიგნი 20-ზე მეტ ენაზეა გამოცემული, მათ შორის: ლიტვურად, ინგლისურად, გერმანულად, იტალიურად, შვედურად, პოლონურად, რუსულად, უკრაინულად, უნგრულად, სერბულად, ალბანურად და ჩინურად.
***
r.k.-s
მე ვიცი მხოლოდ, რომ სრულდება (თითქმის დასრულდა)
უბნელესი ასწლეული. შესაძლოა, ის არც იყო დანარჩენებზე
ბევრად ბნელი, მაგრამ იყო გაცილებით თანმიმდევრული
სისასტიკეში. ყველა სხეულს მიანიჭა მისი ნომერი
და ჩარეცხა ყველა სული _ განსაბანად _ ბინძურ არხებში,
რათა გონებას ეზეიმა გამარჯვება. ყველა უფსკრული
თავს იმედად ასაღებდა. სხვათა შორის, დიდი წარმატებით.
უზარმაზარი ღუმელები ერთგულად ემსახურებოდნენ ადამიანებს _
მილებიდან იფრქვეოდა სიამაყე. ბრწყინავდა ყინული
გაქვავებული ვარსკვლავის ქვეშ. გამურული ვაგონები მიგორავდნენ
არარსებული პუნქტებისკენ დასავლეთით და ჩრდილოეთით.
წარმავალია ყველაფერი. იმპერიების ნანგრევები
დაფარა ჭუჭყმა, გაიხლართნენ ბარდებში და ნარშავებში.
დადუმდნენ რეპროდუქტორები, დაიფშვნა გრანიტი.
ვიბადებოდით ქვეყანაში და ვიწყებდით მისგან გაქცევას,
მაგრამ წასულებს, როგორც ორფეოსს, გვეშინოდა უკან მოხედვის.
რა გადმოგვყვა იმ წლებიდან? ირონია, თმენის უნარი,
მცირე დოზებით _ სითამამეც. ძირითადად, მღვრიე ფიქრები,
რომ გავაკეთეთ ბევრად ცოტა, ვიდრე შეგვეძლო.
(ეს შიშნარევი, მწარე განცდა, ცოდვისა თუ დანაშაულის,
რომელსაც ღმერთი გვაპატიებს; მაგრამ ბავშვები?..)
ეს იყო ჩვენი არჩევანი. ჩვენ ვიღებდით მწარე სიმართლეს,
როგორც წყალობას, მაგრამ სიკვდილს არასოდეს ვადიდებდით.
ჩვენ ვლანდავდით ანგელოზებს რელსების და ცემენტის თავზე.
გვიყვარდა. ბიბლიოთეკაში ვანთებდით სანთლებს.
ვანსხვავებდით სიკეთეს და ბოროტებას, თუნდაც მხოლოდ
სახელებით. რაც არც ისე ადვილია. ეს ყველაფერი
შეგვაქვს წყვდიადში. იმედია, ცოტა არ არის.
თარგმნა ზვიად რატიანმა