ალეკპერ ალიევი (აზერბაიჯანი/შვეიცარია)

აზერბაიჯანელი მწერალი ალეკპერ ალიევი, ასევე ცნობილი როგორც ალი აკბარი 1978 წელს დაიბადა. ალეკპერ ალიევმა სწავლა ბაქოს საჯარო სკოლაში დაიწყო, მერვე კლასიდან კი თურქეთში გააგრძელა განათლების მიღება. 2000 წელს დაამთავრა მარმარის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა თურქეთში, მთარგმნელად და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად გამომცემლობა „კაკნუსში“. ალეკპერ ალიევის შემოქმედება დიდწილად აზერბაიჯანის საზოგადოებაში ტაბუდადებულ თემებს შეეხება. გამოცემული აქვს რამდენიმე რომანი და ამავდროულად არის ვებგამოცემის Kultura.az რედაქტორი. მწერალმა 2009 წელს ალი აკბარის ფსევდონიმით გამოსცა რომანი „არტუში და ზაური“, ესაა სომეხი და აზერბაიჯანელი ბიჭების სიყვარულის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს მთიანი ყარაბაღის ომმა დააშორა. წიგნი საჯარო განსჯის საგანი გახდა. აზერბაიჯანსა და სომხეთში მისი გაყიდვა აიკრძალა. ორივე დაპირისპირებულ მხარეს ერთი რამ აერთიანებს, ჰომოფობია და მკაცრად სტიგმატიზირებული ჰომოსექსუალიზმი.

 

არტუში და ზაური

(ფრაგმენტი)

_ კარგი, და ერევანში თუ ხართ ვინმე ნამყოფი? ვინმეს თუ უგრძვნია იქ საბჭოთა სული, რომლის შესახებაც ზაური გველაპარაკა? რატომ უნდა ვიყოთ მხოლოდ ჩვენ, აზერბაიჯანლები, ამ საბჭოთა სულის მატარებლები, სომხები კი ნაციონალისტებად რჩებოდნენ და აგდებით შემოგვცქეროდნენ? რატომ არ უნდა გვქონდეს ჩვენ ნაციონალისტური ორგანიზაციები, მაშინ, როცა სომხებს დაშნაკები ჰყავთ?

ვიაჩესლავ საპუნოვმა ხელი აწია და მოჰყვა, სამი წლის წინ როგორ იყო სომხეთში, როგორ გასინჯა სევანის ტბის პირას, ერთ დასასვენებელ სახლში ღორის მწვადი. მისმა სიტყვებმა აზერბაიჯანელი თანაკლასელების რისხვა გამოიწვია. ღორის ხორცის ხსენებაზე სეიდების გვარის წარმომადგენელი მირსალეჰი ცუდად გახდა, სამედ ფაიკოვიჩმა ნება დართო, რომ ტუალეტში გასულიყო და ერწყია. ამით დასრულდა აზერბაჯანულ-სომხური დაპირისპირება, რადგან ზარი დაირეკა.

სამედ ფაიკოვიჩმა ამოიოხრა და კლასიდან აუჩქარებლად გავიდა. მის მერე საკლასო ოთახი მოსწავლეებმაც დატოვეს. ეს დიდი შესვენება იყო, რომლის დროსაც ყველა თავის საქმეს აკეთებდა ხოლმე. ზოგი ბიჭი მოფარებულში ეწეოდა, სხვები გოგოებს ეტორღიალებოდნენ, სკოლის ბუფეტში კაკაოთი და ბუტერბროტებით უმასპინძლდებოდნენ, ფრიადოსნები გოგოებისადმი მიძღვნილ თავიანთ ლექსებს კითხულობდნენ. ზაურმა კი არტუში ბიოლოგიის კაბინეტში შეათრია და კარი ჩაკეტა.

ზაურისთვის ყველაზე მშვენიერი ადამიანი რისხვისა და სირცხვილისგან აჭარხლებულიყო. არტუშს ტუჩები უკანკალებდა, ტირილს ცოტაღა უკლდა.

_ ძლიერი უნდა იყო, არტუშ, _ უთხრა ზაურმა. _ ამათ ყურადღებას ნუ აქცევ. აი, ნახავ, ყველაფერი დალაგდება და ძალიან კარგად იქნება.

_ ნუ მაწყნარებ, ზაურ. არაფერიც არ დალაგდება. გუშინ მამამ ყველაფერი აგვიხსნა. სომხები ნამდვილ შეტევაზე გადავიდნენ. ყარაბაღში. სომხეთში უკვე სისხლი დაიღვარა. ჩვენ ყველაფერს გვიმალავენ. მოსკოვი ყველაფერს მალავს.

ზაური მიხვდა, რომ დამარცხდა. რა უნდა ეთქვა? სომხების მიერ დაწყებულ ამ უაზრო კონფლიქტს შეიძლება მისთვის საუკეთესო ადამიანი, ყველაზე მშვენიერი თვალები წაერთმია. არტუშმა თავი ვერ შეიკავა და აქვითინდა. ზაური დაიხარა და არტუშის ცრემლისგან მლაშე თვალების და ლოყების კოცნა დაიწყო.

 

რუსულიდან თარგმნა ანა კორძაია-სამადაშვილმა