ბალარუსი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და ლინგვისტი ვოლია ჰაპეევა 1982 წელს მინსკში დაიბადა. ის არის მწერლებისა და მთარგმნელებისათვის განკუთვნილი ლიტერატურული პროგრამების (გერმანია, ავსტრია, ლატვია) სტიპენდიანტი, საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალების მონაწილე (ლიტვა, სლოვენია, გერმანია, ჩეხეთი, ლატვია და სხვ.). ვოლია ჰაპეევა შვიდი წიგნის ავტორია. მისი ნაწარმოებები ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, მაკედონიურ, ჩეხურ, ლიტვურ და ლატვიურ ენებზეა თარგმნილი. ის თარგმნის მხატვრულ ლიტერატურას (ინგლისურიდან, გერმანულიდან, იაპონურიდან, ჩინურიდან, ლატვიურიდან), სწავლობს გენდერულ პრობლემატიკას კულტურასა და ლიტერატურაში, მუშაობს როგორც მკვლევარი კომპარატიული ლინგვისტიკის, ენის ფილოსოფიისა და სხეულის სოციოლოგიის დარგებში. აქვს მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. თანამშრომლობს ელექტრონულ მუსიკოსებთან, აწყობს აუდიო-პოეტურ პერფორმანსებს. არის ბელარუსის პენცენტრისა და ბელარუს მწერალთა კავშირის წევრი.
***
გზადყოფნა ძნელია
განსაკუთრებით იქ
სადაც ზებრაა დახატული
იქ
ჰორიზონტალი
და
ვერტიკალი
ერთად შეყრიან ხოლმე მანქანებს და ადამიანებს
ხანდახან ცხოველებსაც
ძაღლებს და მტრედებს
და ველოსიპედებს - ახლებს ძალიან ძვირიანებს
და იმათაც 30-იან წლებში დაბადებულების მემკვიდრეობიდან რომ შემორჩა სამყაროს
როცა პატარა ვიყავი
ხშირად ვურევდი ჰორიზონტალს და ვერტიკალს
და როცა ამ სიტყვებს წარმოვთქვამდი
მუდამ ჰორიზონტს წარმოვიდგენდი
ჰორიზონტი ეს ისეთი ხაზია შორეთში
რის მიღმაც წამიდან წამში უნდა გაჩნდეს ზღვა
და გავქრე მე
გზა
თარგმნა შოთა იათაშვილმა