პოლონელი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე დარიუშ ტომაშ ლებიოდა 1958 წელს ბიდგოშჩში დაიბადა. იგი მე-19 და მე-20 საუკუნეების პოლონური ლიტერტურის მკვლევარია. ლიტერატურული მოღვაწეობის დაწყებამდე მუშაობდა მაშველად, დამხმარედ ფერმაში და ბუნებრივი აირის წნევის შემმოწმებლად. ლებიოდა ფლობს საბრძოლო ხელოვნებას. პოეტი პოლონეთში ტოტალიტარული რეჟიმის დროს პოლიტპატიმარი იყო. 1994 წელს დარიუშმა დოქტორის ხარისხი მიიღო პოლონურ ლიტერატურაში. პოეტს მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია: ანდრზეი ბურსას ჯილდო, სტანისლავ ვისპიანსკის პრემია, კლემენს იანიკის ჯილდო და „ბუნოს“ პრემია. იგი „ახალი თაობის“ (1950-1960) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოეტია. ლებიოდას გამოცემული აქვს 40-მდე წიგნი - პოეტური კრებულები, ბიოგრაფიები, ისტორიული კვლევები, ესეების კრებულები და სამეცნიერო მონოგრაფია. მისი პოემები შესულია ყველაზე ცნობილ პოლონურ ანთოლოგიებში. ლებიოდას ტექსტები თარგმნილია მრავალ ენაზე: ინგლისურად, გერმანულად, ესპანურად, იაპონურად, არაბულად, ებრაულად და სხვა. ავტორის ლექსები და სტატიები პოეზიაზე გამოცემულია საბერძნეთში, არაბულ ქვეყნებში, ხორვატიაში, შვეიცარიაში, ლიტვასა და იაპონიაში. მისი კვლევის საგანს ძირითადად პოლონელი და ანგლო-ამერიკელი ავტორები წარმოადგენენ. მათ შორის: ფოლკნერი, სინგერი, კოლდუელი, მელამუდი, მერდოკი, გოლდინგი.
დეკარტეს თავისქალა
აი ადამიანის თავისქალა
ცარიელი თვალის ბუდეების ცივი კოლოფი
ოცდაათწლიანი ომის
დრო რომ გამოიარა
ქალაქ ულმის ქუხილი
რომ ესიზმრებოდა
თავში ჩაესმოდა ღმერთის სიტყვები
quоd vitae sectabor iter
მასში არსებობდა ის
რაც აზროვნებდა
და ყრუ სამყარო
და პირში შავი ნერწყვი
მერე იწვა მიწაში
ყინულივით კუბოში
სუდარის ბნელეთში გახვეული
ოქროზე ბნელში
ახლა ადამიანის
მუზეუმის ექსპონატია
ყველას შეუძლია აიღოს ხელში
ყველას შეუძლია წონა გაუსინჯოს
აღარ აზროვნებს
მასაშადამე აღარ არსებობს
ადამიანის თავისქალა
ცარიელი ყუთი
თარგმნა გაგა ნახუცრიშვილმა