პერუ საისპრესი (პერუ)

დაიბადა 1971 წელს ქალაქ ლიმაში. იმ პოეტთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც საკუთარი თაობის შესაძლებლობები სრულად გამოავლინა, თუმცა ისიცაა, რომ თავად არცერთ თაობასთან იდენტიფიკაციის გრძნობა არ გააჩნია. აქვს როგორც საკუთარი თაობისგან, ისე სხვა ყოველგვარი მიკუთვნებულობისგან თავის დაღწევის განსაკუთრებული გზა. არანაირი კანონზომიერება, არანაირი თანამშრომლობა, არანაირი ჯილდო, არანაირი თანამონაწილეობა, არაფერი, რასაც შეეძლო გაემარტივებინა მისთვის რაიმე განსაზღვრების მინიჭება.

არავინ იცის, ვინ არის პერუ საიზპრესი. როგორც ჩანს, იმისათვის, რომ გაიცნოთ, ჯერ თავად ის უნდა დაინახოთ. მისი ცოცხალი პერფორმანსები მისი პოეზიაა. მისი ლექსები ხმაურობენ. ეს ლექსები გამოირჩევა ირეალურობით, წარმოგვიდგენს სინამდვილეს ღრმად პერსონალური თვალსაწიერიდან (რაც ზოგჯერ რეალისტურად გამოიყურება, ზოგჯერ – ცინიკურად), სადაც ოსტატურად ერწყმის ერთმანეთს კონტრასტები, ბნელი განწყობილებანი და ემოციები, რომლებიც თითქმის ყველა ადამიანისთვის საერთოა, მაგრამ იშვიათად იხელთებენ ხოლმე მათ თანამედროვე პოეტები საისპრესისებური სიმარტივითა და ეფექტიანობით. რეფრენივით ჟღერს მისი ხმით წარმოთქმული ისეთი სტრიქონები, როგორებიცაა: „პოლიციის მანქანები ფეთქდება უკეთურთა გულებში“, ან „კაცი კაცს კლავს კაცით“.
ასე რომ, არ გამოგრჩეთ მისი ნახვა, თორემ სხვა დროს ვეღარსად იპოვით!

 

აქ ლექსის სათაურია

 

აქ პირველი სტრიქონია,

აქ – მეორე სტრიქონი,

აქ – მესამე სტრიქონი,

აქ- მეოთხე სტრიქონი,

აქ სტრიქონია, რომლითაც  დასრულდა პირველი სტროფი.

 

აქ მეექვსე სტრიქონია,

აქ – მეშვიდე სტრიქონი,

აქ – მერვე სტრიქონი,

აქ – მეცხრე სტრიქონი,

აქ სტრიქონია, რომლითაც დასრულდა მეორე სტროფი.

 

აქ პირველი სტრიქონია ისევ,

აქ სტრიქონია, რომლითაც დასრულდა პირველი სტროფი.

 

აქ მეცამეტე სტრიქონია,

აქ – მეთოთხმეტე სტრიქონი,

აქ – მეთხუთმეტე სტრიქონი,

აქ – კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი და აბსურდული სტრიქონი.

აქ სტრიქონია, რომლითაც დასრულდა მეორე სტროფი.

 

აქ მეორდება პირველი სტრიქონი,

აქ მეორდება მეექვსე სტრიქონი,

აქ მეორდება მეცამეტე სტრიქონი,

აქ მეორდება ონეტის ლექსიდან ერთი სტრიქონი,

აქ სტრიქონია, რომლითაც დასრულდა მეორე სტროფი.

 

აქ პირველი სტრიქონია ისევ,

აქ სტრიქონია, რომლითაც დასრულდა პირველი სტროფი.

 

აქ ისეთი ახალი სტრიქონია, აქამდე არავის რომ არ უნახავს კაცობრიობის ისტორიაში.

 

აქ უკანასკნელი სტრიქონია. არაორდინალური ტაეპი.

 

                                                        აქ, დაბლა, პატარა ასოებით მიწერილია ჩემი სახელი.

 

სწორედ ახლა, მსოფლიოს რომელიღაც კუთხე-კუნჭულში,

ანა ვოვჩენკო

ამ ლექსს საკუთარ ენაზე 

თარგმნის სინქრონში.

ჩემი ღრმა რწმენით, ეს ლექსი

ბევრად უფრო მოხდენილად ჟღერს

ანა ვოვჩენკოს თარგმანში,

მსოფლიოს რომელიღაც კუთხე-კუნჭულში.

 

ესპანურიდან თარგმნა ქეთი ხუსკივაძემ

Information

Follow