იურგენ როოსტე 1979 წელს ტალინში დაიბადა. მუშაობდა ფინეთში ესტონურ ინსტიტუტში ჟურნალისტად, მასწავლებლად და დირექტორად. გამოცემული აქვს თორმეტამდე საავტორო პოეტური კრებული და რამდენიმე ერთობლივი ნაშრომი მეგობრებთან ერთად. იურგენს ასევე შედგენილი აქვს სხვადასხვა სახელმძღვანელო და ლექსიკონი, 1988 წლიდან ორგანიზებას უწევს პოეზიის საღამოებს და ფესტივალებს, ხელმძღვანელობს პოეტურ თეატრს „Cabaret Interruptus“. ავტორმა ორჯერ მიიღო ესტონური ყოველწლიური პრემია პოეზიაში. იურგენ როოსტეს ლიტერატურულ ჯილდოებს შორისაა: ესტონეთის კულტურის მხარდაჭერის პროგრამის პრემია პოეზიაში (2005, 2013); ფრაიდებერტ ტუგლასის ჯილდო მოკლე მოთხრობისთვის (2007); ტალინის უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია (2012). როოსტეს პოეზია როკის მუხტს ატარებს. საჯარო გამოსვლების დროს ლექსებს უმეტესად მუსიკალური აკომპანემენტის თანხლებით კითხულობს. პოეტი ლექსებს პანკ-როკის ჟანრის მუსიკის თანხლებით წარადგენს, საჯარო პერფორმანსებს ხშირად თან ახლავს სხვადასხვა მეთოდები: ღიღინი, გრგვინვა, ქშენა, ყვირილი, ლუღლუღი და სხვა.
ქუჩის მუსიკოსები
ბოლოს და ბოლოს, ყველანი
ქუჩის მუსიკოსები ვართ.
ზოგს, უბრალოდ, უფრო დიდი ქუდი აქვს
და შეიძლება, უფრო დიდი გულიც,
უფრო დიდი...
ბოლოს და ბოლოს, საზიზღარი მზესუმზირები დაგვხატავენ
და არა პირიქით.
დილის ჩაის ფინჯანი
ყურს მოიტეხს
მაგრამ ვერსად გააგზავნის
ფოსტა დაკეტილია
და მას ფეისბუკსურათად დაიყენებს
ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველანი
ქუჩის მუსიკოსები ვართ
სამყაროს უსაფრთხოების კამერა
ფელინი ფილმში გვიღებს
დაცვის ბიჭი მირონს აღვარღვარებს
და ამბობს ამინ
საზიზღარი მზესუმზირები
მიტოვებულ შეყვარებულს გლოვობენ
ეპიტაფიაზე იკითხება: ცხოვრება ყვავილია,
დაპოსტე ეს შენს კედელზე!
თარგმნა პაატა შამუგიამ