ჩეხი პოეტი, პერფორმერი, ესეისტი და ხელოვნებათმცოდნე იარომირ ტიპლტი 1973 წელს დაიბადა ნოვა ბაკაში, ჩეხეთის სასაზღვრო პატარა ქალაქში. სწავლობდა ფილოსოფიას და ჩეხურ ლიტერატურას ჩარლზის უნივერსიტეტში, 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ჩეხურ სიურრეალისტურ პოეზიაში. იარომირი მუშაობდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების თერაპიულ საზოგადოებაში, 2000-2010 წლებში ფოტოგრაფიისა და თანამედროვე ხელოვნების პატარა გალერეის კურატორი იყო. პოეტი ამჟამად პრაღაში ცხოვრობს. ტიპლტი ჩეხეთის ლიტერატურულ სცენაზე პირველად 1990 წელს გამოჩნდა. მის პოეზიაზე გავლენა წარმოსახვის სიურრეალისტურმა აღქმამ მოახდინა („დაკარგული ინფერნო“, 1994), პროზაში კი იარომირმა თავისი რეგიონის უნიკალური ატმოსფერო გააცოცხლა. („მოძრავი ზღურბლები და ტაძრები“ - 1991; „ჩამოგდების საპირისპირო“ - 1996). 1994 წელს მან ჟირი ორტენის ჯილდო მიიღო. 2000 წლიდან ტიპლტი ლიტერატურას გასცდა და საკუთარი შემოქმედების საზღვრები გააფართოვა - დაიწყო წარმოდგენების გამართვა, მუშაობა მუსიკასა და სახვით ხელოვნებაში. იარომირი პერფორმანსებში ხმოვან გაფორმებასა და ფოტოგრაფიას მიმართავს. 2009 წლიდან ტიპლტი ხშირად მუშაობდა კომპოზიტორ მიშალ რატაისთან ერთად, არტისტები ქმნიდნენ ერთობლივ იმპროვიზირებულ აუდიო-ტექსტებს. მათმა ნამუშევრებმა თავი მოიყარა პროექტში „ჩხაპნიები“ (CD ჩანაწერი ამ სახელწოდებით გამოვიდა 2014 წელს). სახვით ხელოვნებაში ტიპლტი მხატვარ იან მერიცკასთან თანამშრომლობს, მათი ერთობლივი მუშაობა ავტორისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. შედეგად გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის „ტვინისმჭყლეტავები“ (2002). ტიპლტს ფოტოგრაფ ვიქტორ კოპასზთან ერთად ეკუთვნის ექსპერიმენტული ფოტო პროექტი „ტყვეობა“ (2001) და მოკლე ფილმი - სამგანზომილებიანი პოემა „ვენახი“ (2012). 2016 წლის შემოდგომაზე ავტორმა ახალი ლექსების კრებული გამოსცა სახელწოდებით „დიდი დროის მანძილზე“.
ეს ლაქლაქია
ძლივს გასაგონი როხროხისა და დუდუნის ფსკერზე
ვწევარ,
ძლივს გასაგონი, მაგრამ შეუპოვარი ხმების... ისინი მმსჭვალავენ,
შიგნიდან მაფორიაქებენ, მეხახუნებიან
და ძალიან, ძალიან ნაზად, ჰაეროვან ტკივილს მაყენებენ. თითქოს რაღაცა გამოინასკვა ჭერსა და იატაკს შორის, ადგილ-ადგილ ჩაიბურდა, ვეღარ დააცალკევებ, განსაკუთრებით კი ის ყველაზე მკაფიო,
დროდადრო ოდნავ მიყუჩებული ცახცახი. ეს არის ლაპარაკის ზათქი...
ალბათ, ქვედა სართულზე
ჭორაობენ ქალები...
თარგმნა ირინე ლობჟანიძემ