მწერალი, რეჟისორი და მსახიობი ფოლკერ შმიდტი 1976 წელს დაიბადა ავსტრიაში. დაამთავრა ვენის კონსერვატორია. თამაშობდა ბერლინის, ვენის, გრაცის თეატრებში, გადაღებულია რამდენიმე ფილმშიც. როგორც რეჟისორი, შმიდტი დგამს სპექტაკლებს სხვადასხვა სცენაზე: ვენის თეატრალური ფესტივალი, სახელმწიფო თეატრები ჰანოვერში და ბრაუნშვაიგში, წმ. გალენის თეატრი, მაგდებურგის თეატრი, ბერლინის ნოიკოლნის ოპერა, ვენის „Schauspielhaus“, ლატვიური ნაციონალური თეატრი რიგაში, გერმანული სახელმწიფო თეატრი ტემესვარში, ასევე კოპენჰაგენის, მოსკოვის, სკოპიეს და ბუტანის თეატრებში. 2002 წლიდან ფოლკერ შმიდტმა დრამატურგიაში გადაინაცვლა. მისი პიესები დაიდგა სხვადასხვა თეატრში: ჰაიდელბერგის თეატრი, ჰანოვერის სახელმწიფო თეატრი, ლაიპციგის „Schauspiel“-ში, ინგოლსტადტის თეატრში, ვენის „Schauspielhaus“-სა და სახალხო თეატრში. ფოლკერ შმიტს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: ჟიურის და ხალხის რჩეულის პრიზი „ჰაიდელბერგ შტუკერმარკტის“ ფესტივალზე პიესისთვის „მთის ბაიკერები და ბერლინის ბავშვთა თეატრის პრემია. იყო რამდენიმე ფესტივალის მიწვეული სტუმარი - ბერლინის თეატრალური შტუკერმარკტი, სანტიაგო დე ჩილეს დრამატურგიის ფესტივალი და მოსკოვის „ნეტ“ ფესტივალი. ავტორის პიესები თერთმეტ ენაზეა თარგმნილი და დადგმულია მსოფლიოს მრავალ ქალაქში უტრეხტიდან ნოვოსიბირსკამდე.
ჯიჰადი
მოულოდნელად ისინი უცნურად იქცევიან: დადიან მეჩეთში, იძენენ ახალ მეგობრებს, ლოცულობენ. ქალები მისალმებისას მამაკაცებს ხელს არ ართმევენ. ისინი არ ჭამენ ღორის ხორცს, კატეგორიულად უარყოფენ ალკოჰოლს, წყვეტენ ძველ ურთიერთობებს, უცხონი ხდებიან მშობლებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც. ასობით გერმანელი ახალგაზრდა მიდის „წმინდა ომში“ - იმდენი, რამდენიც არც ერთი ევროპული ქვეყნიდან. მათ შორის გოგონებიც არიან. ამ ახალგაზრდებს ყველა სოციალურ ფენაში შეხვდებით.
რატომ ხდება დასავლურ სამყაროში გაზრდილი ახალგაზრდა მორწმუნე? რატომ იზიდავს მას ისლამი? რატომ ემორჩილება ის მკაცრ რელიგიურ კანონებს? რატომ ხდება ასეთი დაუნდობელი არამორწმუნეთა მიმართ? რატომ ირჩევენ ახალგაზრდები ჯიჰადის გზას? რა არის ასე მომხიბვლელი ომსა და ტერორში? რა არის მოწამებრივი სიკვდილი? ვინ არიან ჯიჰადისტები და როგორ ახერხებენ ისინი მოზარდების ცდუნებას? და საერთოდ, ცხოვრების რომელი წესია სწორი? ფოლკერ შმიდტი თავის პიესას უძღვნის პრობლემას, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება. პიესა დაიწერა ინგოლშტადტის თეატრის დაკვეთით.