ინგლისელი პოეტი რიჩარდ ბერენგარტენი (ბერნსი) დაიბადა ლონდონში, 1943 წელს. სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას და ლინგვისტიკას კემბრიჯსა (1961-64) და ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში (1977). 1975 წელს დააარსა კემბრიჯის საერთაშორისო პოეზიის ფესტივალი, რომელიც 10 წლის განმავლობაში ტარდებოდა. ცხოვრობდა იტალიაში, საბერძნეთში, სერბეთში, ხორვატიასა და აშშ-ში. აქტიურად მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში. გამოცემული აქვს რვა პოეტური კრებული, მათ შორის: მენეჯერი (2001); ლურჯი პეპელა (2006); ბალკანეთის შუქის ქვეშ (2008); მაჩვენებელი (2014); Notness (2015); და „ცვლილება. პოეტური მოწიწება იინგის მიმართ“ (2016). რიჩარდ ბერენგარტენის ლექსები თანამედროვე ჰუმანიტარების კვლევის და კრიტიკის საგანია. ბერენგარტენს მიღებული აქვს მრავალი პრემია: ერიკ გრეგორის ჯილდო (1972), კიტსის მემორიალური პრემია (1974), დუნკან ლორის პრემია (1982), იეიტსის კლუბის პრემია (1989), ებრაული კვარტლის - უინგეიტის ჯილდო (1992), მორავა ჩარტერის პრიზი (სერბეთი, 2005) და მანადას პრემია (მაკედონია, 2011). კრებულში „ლურჯი პეპელა“ შესული ტექსტები სერბეთის ქალაქ კრაგუჟვაჩში ნაცისტების მიერ მოწყობილ მასობრივ მკვლელობებს ეხმაურება. ისინი 2007 წელს სერბეთში ტრაგედიის მემორიალური დღის აღსანიშნავ საღამოზე წაიკითხეს. რიჩარდ ბერენგარტენი იყო ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების კონსული კენტში (1979-1981), მიწვეული პროფესორი ნოტრდამის უნივერსიტეტში (1982), ბრიტანეთის საბჭოს ლექტორი ბელგრადში (1987-1990), სამეფო ლიტერატურული ფონდის სტიპენდიანტი ნიუჰემის კოლეჯში (2003-2005). დღეს ბერენგარტენი კემბრიჯის დაუნინგის კოლეჯის ასოცირებული პროფესორი და ინგლისური ასოციაციის სტიპენდიანტი მკვლევარია.
ალო. ალო.
ალო. ალო. შენ ხარ? მართლა შენ ხარ? რა აზრი აქვს მოძრაობას
აუცილებელ შეხვედრაზე გადარბენას. იპოთეკას და საბანკო კრედიტებს. კვლევებსა და ინვესტიციებს. ხეებს გაფურჩქნულებს და მსხმოიარეებს. შემოსავალს და გასავალს
პროცენტებს და ფასებს. მატარებლით მგზავრობას სახლში და უკან. მანქანით სიარულს სახლში და უკან. ჭორებს სიყვარულებს სიყვარულებს საიდუმლოებს. ბალახის კრეჭას
ჩანაწერებს ხელმოწერებს მესიჯებს. ტალღების სიგრძეს და ვიბრაციებს. დამარცხებებს სურვილებს სინანულებს. უქმეებს ფრენებს ოცნებებს. დაჯავშნას ბილეთების ადგილების.
ეკრანებს ბარებს ფარდებს მინებს. Le Quattro Stagioni სესხებას გასესხებას ლოცვებს. ნამდვილ და წარმოსახულ დაწყვილებებს. ახალ და ძველ მანქანებს.
როცა სიკვდილი შეგვითრევს ყველას. და ყველა ქვესკნელში დავინთქმებით. და ჩვენი ფიქრები დალპება ან დაიწვება ჩვენთან ერთად. და ტანჯვა არასოდეს დამთავრდება.
რა აზრი აქვს ამ დროს წუხილს. ვწუხვარ. მართლა. შენ მეგონე. სულ სხვა ვინმე. ძალიან ვწუხვარ, რომ შეგაწუხე. სხვაგან მოვხვდი. უკაცრავად.
ინგლისურიდან თარგმნა პაატა შამუგიამ