ოლგა გრიაზნოვა (გერმანია)

ოლგა გრიაზნოვა ბაქოში, აზერბაიჯანში დაიბადა 1984 წელს. ბავშვობა კავკასიაში გაატარა. მრავალი წელი ცხოვრობდა პოლონეთში, რუსეთში, ისრაელსა და თურქეთში. ოლგამ დაამთავრა ლიტერატურის გერმანული ინსტიტუტი ლაიფციგში.  2011 წელს მიიღო რობერტ ბოშის ფონდის პრემია „ევროპის საზღვრის გადამკვეთი“. მისი სადებიუტო ბესტსელერი რომანი „ყველა რუსს უყვარს არყის ხეები“ (გამომცემლობა „ჰანსერი“) კლაუს-მიხაელ კიუნეს და ანა ზეგერის პრემიებით დაჯილდოვდა 2012 წელს. 2014 წელს გამომცემლობა „ჰანსერ ფერლაგმა“ მისი მეორე რომანი „ქორწინების კანონიერი ბუნდოვანება“ გამოსცა, წიგნმა ავტორს ადელბერტ ფონ კამისოს წამახალისებელი პრემია მოუტანა. რომანები ადაპტირებული იქნა პიესებად და დაიდგა თეატრის სცენაზე, ამჟამად მუშაობს ორივე რომანის კინო-ადაპტაციაზე. გრიაზნოვას ბოლო წიგნია „ღმერთი მორცხვი არ არის“ (2017). ოლგა გრიაზნოვა იყო სტამბულის, ამსტერდამის, რიო დე ჟანეიროს, ლენცბურგის და შვეიცარიის მწერალ-რეზიდენტი. ამჟამად მწერალი ოჯახთან ერთად  ბერლინში ცხოვრობს.

 

ოლგა გრიაზნოვა

ღმერთი მორცხვი არ არის

როცა სირიაში რევოლუცია იწყება, ამალი თავის პირველ სამსახიობო წარმატებას აღნიშნავს და მომავალ წინსვლაზე ოცნებობს. ორი წლის შემდეგ კი ოკეანის ტელღებში აღმოჩნდება, რადგან სატვირთო გემი, რომელსაც ის არალეგალურად ევროპაში უნდა ჩაეყვანა, ჩაიძირა. ის გადაარჩენს ბავშვს, რომელიც მას იმ წუთიდანვე საკუთარ შვილად მიაჩნია.

ჰამუდიმ სამედიცინო ფაკულტეტი ახლახან დაამთავრა და მუშაობა პარიზის საუკეთესო კლინიკაში დაიწყო. ბოლო ფორმალური საქმეების მოსაგვარებლად ის დამასკში მიდის. ჰამუდიმ ჯერ არ იცის, რომ თავის შეყვარებულს, კლერს, ვეღარასდროს ნახავს; არც ის იცის, რომ სულ მალე უცნობ ადამიანებთან ერთად გასაბერ ნავში აღმოჩნდება იმ იმედით, რომ კუნძულ ლესბოსამდე ცოცხალი ჩააღწევს. ჰამუდი და ამალი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს ბერლინში: ორი ადამიანი, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს და რომლებმაც ცხოვრება თავიდან უნდა დაიწყონ.

ოლგა გრიაზნოვა გვახსენებს, რომ ამქვეყნად მხოლოდ ერთი სამყარო არ არსებობს, რომელიც ჩვენი კარის წინ მთავრდება; კიდევ მრავალი სხვა სამყაროც არსებობს და ღირს მათი გაცნობა. მისი რომანი ჩვენი ეპოქის შემაძრწუნებელი დოკუმენტია.