კატია პეტროვსკაია კიევში, 1970 წელს დაიბადა. სწავლობდა რუსულ ფილოლოგიას და სემიოტიკას ტარტუს უნივერსიტეტში, ესტონეთში. მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ლიტერატურაში მოსკოვის ჰუმანიტარული მეცნიერებების რუსულ სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 1999 წლიდან ავტორი ბერლინში ცხოვრობს. სხვადასხვა დროს კატია „რადიო თავისუფლებისთვის“ და „დოიჩე ველესთვის“ წერდა. იგი ასევე მუშაობდა გერმანული და შვეიცარული გამოცემებისთვის: „TAZ“ და „ნოიე ციურიხერ ცაითუნგ“. 2011 წლიდან არის გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ზონთაგსცაითუნგის“ კულტურის სექციის მესვეტე. 2015 წლიდან ამავე გაზეთისთვის ფოტოჟურნალისტად მუშაობს. „შესაძლოა ესთერი“ (2014) კატია პეტროვსკაიას პირველი წიგნია, რომელიც 20 სხვადასხვა ენაზე ითარგმნა. ავტორს რომანისთვის 2013 წელს მრავალი პრესტიჟული პრემია გადაეცა, მათ შორის, ინგებორგ ბახმანის სახელობის პრიზი.
იქნებ ესთერი
მართლა ესთერი ერქვა მამის ბებიას, რომელიც 1941 წელს ოკუპირებულ კიევში მარტო დარჩა ბინაში, საიდანაც მთელი ოჯახი გაიქცა? ქუჩაში გერმანელ ჯარისკაცებს იმედიანად მიმართავს იდიშზე - ეს სიტყვები ვინ მოისმინა? და როცა ქუჩაში ჯარისკაცებმა ბაბუშკა გულგრილად დახვრიტეს, ვინ იდგა ფანჯარასთან და ვინ უყურებდა ამ სცენას?
კიევში, მაუტჰაუზენში, ვარშავასა და ვენაში კატია პეტროვსკაია ხილულს ხდის ოჯახის დამსხვრეული მოზაიკის ფრაგმენტებს -ეპოქის ამსახველი რომანის მასალას, რომელსაც ავტორი პატარ-პატარა ისტორიებად გვიყვება. ის აღწერს ადგილებს, სადაც ეს მოვლენები განვითარდა, ადგილებს, რომლებიც მან მოინახულა, აანალიზებს ნამსხვრევებად ქცეულ, ტრამვულ საუკუნეს და ფიგურებს, რომელთა სახეების ამოცნობაც უკვე შეუძლებელია.