კატია ლანგე-მიულერი (გერმანია)

კატია-ლანგე მიულერი 1951 წელს დაიბადა აღმოსავლეთ ბერლინში. ბავშვობაში იგი სკოლიდან „არასოციალისტური ქცევის“ გამო გარიცხეს. კატია ოთხი წელი მუშაობდა აღმოსავლეთ ბერლინის გაზეთისთვის „ბერლინერ ცაიტუნგ“, შემდეგ – ექვსი წელი ბერლინის ქალთა ფსიქიატრიულ კლინიკაში მომვლელად. 28 წლის კატია ლაიფციგის  იოჰანეს ბეხერის ინსტიტუტში  ჩაირიცხა  ლიტერატურის ფაკულტეტზე და აქედანვე იწყება მისი სამწერლო მოღვაწეობაც. მწერალი გარკვეული პერიოდი მონღოლეთში ცხოვრობდა, სწავლობდა და ულან-ბატორში ვილჰელმ პიკის ხალიჩების ქარხანაში მუშაობდა. 1984 წელს კატია დასავლეთ ბერლინში  გადავიდა საცხოვრებლად. მას მიღებული აქვს გერმანული ლიტერატურის ისეთი მნიშვნელოვანი ჯილდოები, როგორიცაა: ინგებორგ ბახმანის პრიზი, ალფრედ დობლინის პრიზი და კასელერის ლიტერატურული პრემია. 2016 წელს კატია, როგორც მიწვეული პროფესორი, ფრანკფურტის  გოეთეს უნივერსიტეტში კითხულობდა  ლექციებს პოეტიკაში.

 

ბოროტი ცხვრები

 

ზოია ასოთამწყობია. აღმოსავლეთ გერმანიიდან ის დასავლეთ ბერლინში გარბის, სადაც დროებით ყვავილების გამყიდველად მუშაობს. დასავლეთ ბერლინში ის გაიცნობს ჰარის: მაღალ,  ჩუმ, მტკიცე ხასიათის კაცს, რომელსაც რთული წარსული და უპერსპექტივო მომავალი აქვს.

წლბის შემდეგ ზოია  ჰყვება ისტორიას, რომელიც მას ჰარისთან აკავშირებს და ცდილობს, შეავსოს ის ცარიელი ადგილი, ჰარიმ რომ დაუტოვა. ზოია იხსენებს კაცს, რომლმაც თავისი მტკიცე ხასიათით მასში განსაკუთრებული კვალი დატოვა და ნაცნობობის დასაწყისშივე მისი გული ბავშვური კოცნითა და გამაოგნებელი საჩუქრით მოინადირა. ის  თავდადებით ზრუნავს ჰარიზე. ჰარი თავის ცხოვრებაზე ბევრს არაფერს ჰყვება, თუმცა ზოგიერთ რამეს მაინც უმხელს: ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ ის ათი წლით ციხეში აღმოჩნდება; ამის შემდეგ მას პირობით გაათავისუფლებენ, თუმცა ჰარი არღვევს პირობას, წყვეტს ნარკოლოგიურ მკურნალობას  და კვლავ ციხე ელის. ზოია არათუ უარს არ ამბობს მასთან  ურთიერთობაზე, არამედ ეს ინციდენტი  მას იქითკენ უბიძგებს, რომ ჰარის თერაპიის ახალი კურსი დააწყებინოს; ის არც იმას აქცევს ყურადღებას, რომ ჰარი მას  ბევრ რამეს უმალავს.

კატია ლანგე-მიულერი თანაგრძნობით, იუმორითა და მელანქოლიური ინტონაციით ჰყვება  სიყვარულის დრამატულ ისტორიას და გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ის იქცეს დიდ ბედნიერებად. თხრობის პროცესში მკითხველის თვალწინ 80-იანი წლების ბერლინის, გაყოფილი ქალაქის,  პორტრეტი იხატება და მისი ატმოსფერო ცოცხლდება.