პოპულარული ებრაელი პოეტი, ესეისტი და ლიტერატურული რედაქტორი დითი რონენი ისრაელში, თელ-ავივში დაიბადა. დითი რონენი იერუსალიმის უნივერსიტეტში ხელოვნებას, თეატრისა და კულტურის პოლიტიკას ასწავლის. წლების განმავლობაში მუშაობდა ისრაელის კულტურის სამინისტროს კულტურის პოლიტიკის, თეატრისა და ლიტერატურის დეპარტამენტის უფროსად. დითი რონენს გამოცემული აქვს ექვსი პოეტური კრებული, მისი ლექსები ითარგმნება სხვადასხვა ენებზე და შესულია რამდენიმე პოეტურ ანთოლოგიაში. პოეტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში, მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო პრიზი, პრემია, ჯილდო და სტიპენდია, მათ შორის „ტერა პოეტიკას“ პრიზი, პრიზი საუკეთესო პოეტური ციკლისთვის, ნაციონალური პრემიები და ა.შ. 2016 წელს გამოცემულმა ბოლო კრებულმა კუგელის ლიტერატურული პრიზი დაიმსახურა, ხოლო ამ წიგნის ფრანგული თარგმანი საფრანგეთში გამომცემლობა "Levant"-მა გამოსცა. მისი ბოლო პოეტური კრებული „სახლის დაბრუნება და მისი ხეტიალები“ ებრაულ ენაზე გამომცემლობამ "Ha'Kibboutz Ha'Meuhad" გამოსცა 2016 წელს. წიგნმა გამოცემიდან მოკლე დროში მიიღო კუგელის ლიტერატურული პრემია.
ცალი ძუძუ
1.
სარკის წინ
ლურჯი მელნით
დედაჩემის ჩამოთლილი
მკერდის
კონტურებს ვავლებ.
ხაზი ზემოთ ადის, უხვევს,
და იღლიის
ღრმულში უიმედოდ ვარდება.
ხაზი დიაგონლად იქცა,
ხელის გარხევა
შეუძლებელია.
2.
მკერდის ნაცვლად დარჩენილ ჭრილობაზე
რბილ, მაგრად დაკოცნილ სახვევებს
ფრთხილად გადებ.
შენ ტკივილს დაგიამებს, მე კი
ყასაბს დავემალები.
3.
დედა მოდი
ყოველი შემთხვევისთვის
ამაღამ გავიპაროთ და შენი ჩამოთლილი
მკერდი მიწაში ღრმად ჩავფლათ
და ზედ ვიაროთ და
ვტკეპნოთ და ფეხები ვურტყათ
და ვაბაკუნოთ
ყველა ქარს სამ-სამჯერ შევაფურთხოთ
დანები ჰაერში დავატრიალოთ და ზედ დავარჭოთ
ხელისგულები ცას მივუშვიროთ
ლოცვა ვიბუტბუტოთ და ვიმღეროთ
მერე წამოვდგეთ
ხელები დავიბანოთ
ყველა ქარს ისევ სამ-სამჯერ შევაფურთხოთ
და სახლში თვალები მაგრად დავხუჭოთ
თითები გადავაჯვარედინოთ
ათი წელი დავითვალოთ
სუნთქვა შევიკრათ
და დაველოდოთ.
თარგმნა დალილა გოგიამ