მარიანა კიანოვსკა უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი, კრიტიკოსი და მთარგმნელია. დაიბადა 1973 წელს ლვოვის ოლქის ქალაქ ჟოვკვაში. დაამთავრა ლვოვის ი. ფრანკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლვოვში. ავტორია პოეტური კრებულების: “ინკარნაცია” (1997), “სონეტთა გვირგვინები” (1999), “მითშემოქმედება” (2000), “სიყვარული და ომი” (მარიანა სავკას თანაავტორობით, 2002), “ადამის წიგნი” (2004), “ჩვეულებრივი ენა” (2005), “373” (2014), მოთხრობების წიგნისა “მდინარისპირა ბილიკი” (2008) და სხვა. თარგმნის პოეზიას პოლონურიდან და რუსულიდან. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, პოლონურ, სერბულ, სლოვენურ, რუსულ და ბელარუსულ ენებზე. არის ნესტორ ჟამთააღმწერლის სახელობის ლიტერატურული პრემიისა (2006) და პოეტური ფესტივალის “კიევსკიე ლავრი” (2012) ლაურეატი.
***
უდაბნო, მშიერი თავებით ქვიშის.
დამშეული თავებით, მოსეს ზურგსუკან რომ მიგორავენ
ისე დიდხანს, რომ
უკვე ბავშვები
და ამ ბავშვების ბავშვებიც კი იბადებიან,
გამხმარ პურთან დაწყობილი
თევზი კი ხმება.
ხოლო ცის ქვეშ, ზედ მზის გულზე
რომ დაიყარა,
იმ გამხმარი ძვლების ფიჩხისგან
ტყე იზრდება უზარმაზარი.
ვინაიდან უფლისაა ეს უდაბნო
ის არ უშვებს
და ეშვება
ზოგიერთ თავზე,
გამომხმარი
რომ მიგორავს
ცის კაბადონზე
ოქროს ქვიშა
ცოცხლადაა
გაფანტული.
აღთქმული უდაბნო
შიშვლების არის და
დამშეულების.
თარგმნა შოთა იათაშვილმა