იბრაჰიმ ალ-ქუნი (ლიბია/შვეიცარია)

იბრაჰიმ ალ-ქუნი, ლიბიელი პროზაიკოსი, ნოველისტი და რომანისტი, თანამედროვე არაბული ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ავტორად მიიჩნევა. წარმოშობით ტუარეგი იბრაჰიმ ალ-ქუნი 1948 წელს დაიბადა და გაიზარდა ლიბიის უდაბნოს (წითელი ჰამადას) მახლობლად, ფეზანის ოაზისებში მდებარე პატარა ქალაქ ღადამესში. ბავშვობიდან შეისისხლხორცა უდაბნო, გაიზარდა ტუარეგული ცხოვრების წესითა და მორალით. მითოლოგიური ელემენტები, სულიერი ძიებანი და ეგზისტენციალური კითხვები სუფიური ფაბულებითა და რომანული პოეტიკით ალ-ქუნის მწერლობას მაგიური რეალიზმის ელფერს ანიჭებს.  არაბულად წერა-კითხვა თორმეტი წლისამ დაიწყო. 1977 წელს დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი მოსკოვში, სადაც რუსულ ენას, მარქსისტულ ფილოსოფიასა და შედარებით ლიტერატურას სწავლობდა. შემდეგ იყო ლიბიის ახალი ამბების სააგენტოს კორესპონდენტი. ვიდრე 1993 წელს შვეიცარიაში გადავიდოდა საცხოვრებლად,  ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ ვარშავაში მუშაობდა ლიბიის კულტურის ცენტრში. იბრაჰიმ ალ-ქუნი  არის მრავალი არაბული და საერთაშორისო ლიტერატურული პრიზისა და ჯილდოს მფლობელი, მათ შორისაა მუჰამედ ზაფზაფის არაბული რომანის პრიზი (2005) და შეიხ ზაიდის პრიზი ლიტერატურაში (2008). მისი წიგნები თარგმნილია 35 ენაზე. იბრაჰიმ ალ-ქუნი 2015 წელს ბუკერის საერთაშორისო პრიზის ნომინანტთა მოკლე სიაში მოხვდა. მისი რომანი „ოქროს ქვიშა“  ქართულად 2016 წელს ხოლო ,,ქვიდან ნაჟური სისხლი"  2017 წელს გამოიცა.

 

„ოქროს ქვიშა“

(ფრაგმენტი რომანიდან)

ავბედითი პასუხის მოწმე არ გამხდარა, ისე გამაგრდა უხაიადი მიუვალ სოროში. ნაპრალის ხვრელი ქვებით ამოქოლა და საკუთარი სხეული ახალ ციხეში შეჩურთა.
ის ღამით შევიდა იქ და მჯდომარეს ეძინა, მკერდზე მიკრული მოხრილი მუხლებით. მხოლოდ დღის შუქზე დაინახა გარდასულ ხალხთა ნახატები. ორი ნაპრალის პერპენდიკულარული კედელი ფერადი ნახატებით იყო მოხატული. მარჯვნივ გამოსახული იყო საძოვარზე გაფანტული, ზანტად მობალახე გარეული კამეჩების
ჯოგი. ნაწილი, თავდახრილი, ბალახს ძოვდა, ნაწილიც თავაწეული იზმორებოდა, რაც შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ ისინი იცოხნებოდნენ და იღეჭებოდნენ. მარცხნივ კი
იმ ძველ გრძნეულებს საოცარი სცენა ჰქონდათ გამოკვეთილი _ მწყემსების ერთი ჯგუფი უზარმაზარრქებიან ჯიხვს დასდევნებოდა, რომელიც შორი მთისკენ გარბოდა. მონადირეებს შუბები ჩაებღუჯათ, მათ ნაწილს კი მშვილდები მოეზიდა, ისრების მსხვერპლისთვის სასროლად. ძნელი იყო ამ დევნის შედეგის წინასწარმეტყველება, რადგან მანძილი ჯიხვსა და მის მდევრებს შორის იმ გრძნობას არ აღუძრავდა მნახველს, რომ მსხვერპლი გადარჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გზის ბოლოს მთა იყო. მხატვარს მთა ჰორიზონტზე იმიტომ გაეჩინა, რომ საწყალი ჯიხვისთვის იმედი ჩაესახა. მთა ერთადერთი იმედი იყო. ის იყო ხსნა და ჯიხვმა ეს იცოდა, ამიტომაც გაორკეცებული ძალით და მონდომებით გარბოდა. ჩანდა, რომ ცხოველი ღონემიხდილი იყო, მისი გამოსახულება ამ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ცხოველის ფიგურა იყო მძიმე, მაგრამ მას ძალა შეუცნობლიდან ეძლეოდა. სწორედ შეუცნობელი გვეწევა სიცოცხლის სიყვარულისკენ! მონადირეებმაც იცოდნენ, რომ თუ ჯიხვი ხელიდან გაუსხლტებოდათ, მთას შეაფარებდა თავს, ამიტომ ისინიც გაორმაგებული ძალით მირბოდნენ და შუბებსა და ისრებს ზედმიწევნით ზუსტად უმიზნებდნენ. ჯიხვს ჯერ არც ისარი და არც შუბი არ ჰქონდა მოხვედრილი, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი გადარჩენის იმედი სუსტი იყო.

არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ