ამირ ორი (ისრაელი)

ამირ ორი, ცნობილი ისრაელელი პოეტი დაიბადა თელ-ავივში 1956 წელს.  გამოცემული აქვს 12 პოეტური კრებული ებრაულ ენაზე. მისი ბოლო პუბლიკაციებია 1977-2013 წლებში გამოცემული რჩეული ლექსების კრებული „ალაფი“ (2013) და კრებული „ფრთები“(2015). ამირ ორის ლექსები თარგმნილია 40-ზე მეტ  ენაზე და გამოცემულია 22 წიგნად ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. პოეტს მიღებული აქვს მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემია, მათ შორის: პრემიერ-მინისტრ ლევი ეშკოლის პრემია, ფულბრაიტის სამწერლო პრემია, ბერნშტაინის ჯილდო, ოენეუმის პოეზიის ჯილდო (2010), სტეფან მიტროვ ლიუბიშას სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია (2014) და „ლექსების ატლასის“ ჯილდო 2016 წელს. პოეტი სწავლობდა ფილოსოფიას და შედარებითი რელიგიის კურსს იერუსალიმის ებრაულ  უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი ამავე სასწავლებელში  კითხულობდა ლექციებს  ძველბერძნული რელიგიის შესახებ. ასწავლიდა პოეზიას ისრაელის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამირ ორი ჰელიკონის პოეტური საზოგადოების და ებრაულ-არაბული ჰელიკონის პოეზიის სკოლის დამაარსებელია. იგი პოეტური გამოცემების სერიის Catuv-ის რედაქტორია. ასევე არის საერთაშორისო პოეზიის ჟურნალ „ატლასის“ ადგილობრივი რედაქტორი ისრაელში. 

 

ბარბაროსები (მეორედ)

განა ამაოდ მოველოდით ბარბაროსებს,

განა ამაოდ შევიყარეთ მთავარ მოედანზე.

განა ამაოდ გამოეწყო საზეიმოდ ჩვენი დიდკაცობა

და გულმოდგინედ იმეორებდა შესაგებებელ სიტყვას.

განა ამაოდ დავანგრიეთ საკუთარი სალოცავები

და იმათ ღმერთებს სხვები ავუგეთ;

მცნებისამებრ, ცეცხლს მივეცით ჩვენი წიგნები,

რომლებშიც მათთვის ფასეული არა იყო რა.

ასრულდა წინასწარმეტყველება: ბარბაროსები მოვიდნენ

და ხელიდან აართვეს მეფეს ქალაქის გასაღები.

მობრძანდნენ და ჩვენებურად შეიმოსნენ

და თავიანთად გაიხადეს ზნე ჩვენებური;

და ბრძანებებიც ჩვენს ენაზე რომ დაგვაყარეს,

ვეღარ გაგვეგო,

როდის მოვიდნენ ბარბაროსები.

 

                                                   

თარგმნა ნიკა ჯორჯანელმა