უილიამ გონსალეს გევარა (ნიკარაგუა/ესპანეთი)
დაიბადა 2000 წელს. პოეტი, ლათინურამერიკული ლიტერატურის ფილოლოგი და კულტურის სფეროს ჟურნალისტი. მისი ჟურნალისტური ხელწერა ჩამოყალიბდა ავსტრალიური მაუწყებლობის კორპორაციის (ABC) კულტურის განყოფილებაში. ჟურნალისტად მუშაობის დროს მან ამხილა საერთაშორისო მნიშვნელობის „დიდი ფალსიფიკაცია პოეზიის ისტორიაში“, რის გამოც ჰარვარდისა და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტებმა შესწორება შეიტანეს საკუთარ პროგრამებში. მისი ერთ-ერთი კვლევა დაჯილდოვდა ფრანსისკო ვალდესის სახელობის XXVI ეროვნული ჟურნალისტიკის ჯილდოთი (სტუდენტთა კატეგორიაში). არის, ასევე, მარიო ვარგას ლიოსას სახელობის IV ახალგაზრდა ჟურნალისტთა პრემიის ფინალისტი.
გამოქვეყნებული აქვს პოეტური კრებულები: „არავინ“ (2022), „მტკივა სუნთქვა“ (2023), „მეორადი ემიგრანტები“ (აღინიშნა გამომცემლობა „ჰიპერიონის“ XXXVII პოეზიის პრემიით) და „ეს იქნება ჩემი შურისძიება“ (2024). 2023 წელს დაჯილდოვდა მადრიდის ახალგაზრდა ტალანტთა საზოგადოების პრემიით პოეტური თავდადებისა და საზოგადოების მარგინალ წევრთა წარმოჩენისთვის. მისი ლექსები ნათარგმნია ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე. კრიტიკოსები ესპანურენოვანი პოეზიის ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პოეტად მიიჩნევენ.
ქოლგები ავტოკრატიის თავსხმაში
ერიდეთ მათ, ვინც თავს ესხმის სიტყვას,
ვინც ლექსს ამბოხად ნათლავს და ცდილობს,
ფესვებიანად ამოძირკვოს, გაანადგუროს.
ათასი თვალი გამოისხით, თუ იქ ხართ, სადაც კრძალავენ წიგნებს,
სადაც იციან: კითხვა სუნთქვაა
და ამოსუნთქვისთვის კანონით სჯიან.
არ დაგავიწყდეთ, ლიტერატურა უკვდავებით არის ნაკურთხი.
ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და ოდესმე დავტოვებთ ამ ეშმაკეულ,
მტრულად განწყობილ, სასტიკ სამყაროს.
მაგრამ პოეტი (სიბრძნის მდევარი) დროსაც აჯობებს.
მწერლის გრძნობები მთელი არსებით აგრძელებს ყოფას.
პოეტი ცდილობს, რომ სათქმელი გადმოსცეს და გარშემო აფრქვევს მის ძლიერებას.
სამ რამეს გირჩევთ, ვინ იცის, ეგებ, გამოიყენოთ, მოულოდნელად
კოკისპირული წვიმის ნაცვლად თავს თუ დაგატყდათ ავტოკრატია.
რჩევა პირველი, ნუ დაიბნევით, უხმეთ გონებას.
მეორე – ყური დაუგდეთ სხვებსაც, რადგან მოსმენა არის მშობელი თანაგრძნობისა.
მესამე – გირჩევთ წეროთ, რადგან როდესაც წერთ, ესაუბრებით მეორე „მე“-საც.
როგორც საყრდენი ადამიანის ყოფიერების,
საკუთარ ნებას სჭირდება მოვლა.
არ დაიტანჯოთ, მეგობრებო, სულიერად თუ გაგიჭირდებათ,
მიენდეთ ლექსებს. წაიკითხეთ და შეიგრძენით.
თავისუფლებას, როგორც დედაბოძს თუ მოუფრთხილდით,
თავსაც შეიჭამს ავტოკრატია და დასრულდება.
ესპანურიდან თარგმნა ქეთი ხუსკივაძემ
