სიონი (ისლანდია)

პოეტი, რომანისტი, სცენარისტი და სიმღერების ტექსტების ავტორი. დაიბადა 1962 წელს, რეიკიავიკში. მისი სრული სახელია სიგურიონ ბირგირ სიგიურსონი.

სიონმა პირველი წიგნი – პოეტური კრებული „ხილვები“ – 16 წლის ასაკში გამოაქვეყნა. სულ 12 პოეტური კრებულის ავტორია. დაწერილი აქვს ლიბრეტოები ოპერებისთვის და ტექსტები სხვადასხვა მუსიკოსის, მათ შორის, ბიორკის, სიმღერებისთვის.

საერთაშორისო აღიარება ხვდა სიონის რომანებს: „ლურჯი მელა“, „მოჩურჩულე მუზა“, „ვეშაპის პირიდან“, „მთვარის ქვა“, „CoDex 1962“ და „წითელი რძე“, რომლებიც აღინიშნა რამდენიმე ჯილდოთი, მათ შორის, „ნორდიკული საბჭოს“ და ისლანდიური ლიტერატურის პრემიებით. მისი რომანები მოხვდა „დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია IMPAC“-ის და „დამოუკიდებელი უცხოენოვანი ბელეტრისტიკის“ პრემიების მოკლე სიებში.

2021 წელს საფრანგეთის მთავრობამ მიანიჭა ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის ტიტული ლიტერატურაში, კინემატოგრაფიასა და სიმღერების შექმნაში შეტანილი წვლილისთვის. 2001 წელს ნომინირებული იყო ოსკარზე ლარს ფონ ტრიერის მიუზიკლის, „ბნელში მოცეკვავის“ სიმღერების ტექსტებისათვის.
2017 წელს, მარგარეტ ეტვუდისა და დევიდ მიტჩელის შემდეგ, ის გახდა მესამე მწერალი, რომლის წიგნებიც ნორვეგიაში დაფუძნებული ხელოვნების სახალხო ქსელის „მომავლის ბიბლიოთეკაში“ შეიტანეს.

სიონის რომანები ნათარგმნია 35 უცხო ენაზე, მათ შორის, ქართულზეც. რომანი „ლურჯი მელა“, ქართულ ენაზე ნათარგმნი დავით ახალაძის მიერ, 2025 წელს გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ „სკუგა-ბალდურის“ სათაურით.

 

 

სკუგა-ბალდური
(ფრაგმენტი რომანიდან)

დაბლა ველზე ბინდდება. ნაშუადღევს ჩამოწოლილი ზამთრის ღამე მთის ფერდობზე მიცოცავს. დალბოტნის სასაფლაოს დასავლეთ კიდეზე გაჭრილი სამარიდან წყვდიადი ამოდის – პირველად იქ დაბნელდა, მერე კი დანარჩენ სამყაროში. ეკლესიიდან ოთხ კაცს კუბო გამოაქვს. მათ მღვდელი მოჰყვება, მღვდელს კი შავებში გახვეული რამდენიმე დედაბერი – ისინი, ვინც ყოველთვის შესაშურ ჯანზე არიან, როცა ვინმეა დასამარხი. პროცესია სწრაფად, თითქოს ცეკვით მიდის. ადამიანები მოკლე ნაბიჯებით და სხვადასხვა სიჩქარით მიძუნძულებენ, რადგან ბილიკი მოლიპულია. არადა, ჰალვდან ატლასონს დაავალეს, ყინული დაემსხვრია, სანამ მის საცოლეს ტაძარში წესს უგებდნენ. ახლა ჰალვდანი სასაფლაოს კარიბჭესთან დგას და სამგლოვიარო ზარს რეკავს.
სპილენძის სიმღერას ქარი იტაცებს, მინდორ-მინდორ მიაქროლებს და მთის ფერდობზე ააქვს ფრიდრიკის ოთახში. ფრიდრიკს ესმის ზარის გამოძახილი… ან შეიძლება მისი გონების რომელიღაც კუნჭულში ციცქნა ზანზალაკად წკარუნებს – აბას მარხავენო.
ფრიდრიკი ამთავრებს თავსატეხის მეორე ნაწილის აწყობას. ის ზუსტად ისეთივეა, როგორიც პირველი ნაწილი, ოღონდ მწვანეა შიგნიდან და „მეტამორფოზების“ ავტორის სხვა გამონათქვამი ამშვენებს. ფრაზა ასე ითარგმნება: „მსუბუქია ტვირთი, რომელსაც მორჩილად ეზიდები“.

დავით ახალაძის თარგმანი

Information

Follow