პირკო საისიო (ფინეთი)

დაიბადა 1949 წელს. არის ცნობილი მწერალი და თეატრის რეჟისორი. სწავლობდა დრამატურგიასა და სამსახიობო ხელოვნებას. 1975  წელს გამომცემლობა „Elämänmeno”-მ გამოსცა საისიოს სადებიუტო რომანი „ცხოვრების მდინარება“, რომელიც J. H. Erkko Award-ის ლაურეატი გახდა. საისიო შვიდჯერ იყო წარდგენილი „პრემია ფინლანდიაზე“, რომელიც 2003 წელს  მოიპოვა პროზაული ნაწარმოებისთვის „განშორებათა წითელი წიგნი“ (გამომცემლობა „Punainen erokirja“, 2003). ნაწარმოები წარმოადგენს ცნობილი „ჰელსინკის ტრილოგიის“ მესამე წიგნს. საისიო დაჯილდოებულია ალექსის კივისა და სახელმწიფო ლიტერატურის პრემიებით. რომანების გარდა პირკო საისიო მრავალი პიესის, ფილმისა და სატელევიზიო შოუს სცენარის ავტორია. მისი რომანი „განშორებათა წითელი წიგნი“ 2025 წელს ქართულ ენაზე გამოიცა „სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ (ფინურიდან თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა). 

 

განშორებათა წითელი წიგნი
(ნაწყვეტი რომანიდან)

მაგრამ
ისევ სიცხეში ვდგავართ, საავადმყოფოს ეზოში. ჰავაც მთანხმდება იქ დგომაზე.
მუცლიდან წიხლს მირტყამენ. ვიღაც უცნობი თანამოაზრე სოლიდარობას მიცხადებს.
ჰავას ხელს მუცელზე ვადებინებ.
– აჰა, ნახე, ცოტა მიაჭირე.
ჰავა მუცელზე ხელს მადებს, ოდნავ მაწვება და ის უცნობიც წიხლით უპასუხებს, თუმცა ჰავას სახეზე ვერაფერს ვკითხულობ.
– ხვალ უკვე გვეცოდინება მისი ვინაობა, – ვეუბნები.
– ხვალვე?
თვალის გასწორებას რომ ვბედავდე, ჰავას შეშფოთებასაც დავინახავდი.
ნოემბერში პორიში დავურეკე.
იქ ერთწლიანი კონტრაქტით ცხოვრობდა, სექტემბერში კი უკვე ვიცოდი, როგორ გამომეყენებინა მტვერსასრუტი და სარეცხი მანქანა.
პირი გამიშრა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ხმა არ ჩამიწყდებოდა. მაინც ჩამიწყდა.
– ესე იგი, მართალია?
– რა?
– რომ ბავშვი გვეყოლება, ივლისში.
ტელეფონის ხაზი დიდხანს და მომაბეზრებლად ახრიალდა.
ვიცი, თავი უნდა შემეკავებინა, მაგრამ ვერ შევძელი:
– კიდევ აქ ხარ?
– სად აქ?
– ხაზზე.
– ჰო, ვარ. აქ ვარ-მეთქი.
და დრო და შიში ისევ შეეხნენ ერთმანეთს. დამუხტული სატელეფონო ხაზები გუგუნებდა, მოლოდინი კი ხანგრძლივი და არსებითად სავსე იყო.
– არ მილოცავ?
– როგორ არა.
არ ვაპატიე. ნავსადგურის ტივტივასავით ვუტრიალებდი ერთსა და იმავეს.

 

თარგმანი ფინურიდან დიმიტრი გოგოლაშვილის

Information

Follow