პაოლო ჯორდანო (იტალია)

დაიბადა 1982 წელს. აქვს დოქტორის ხარისხი თეორიული ნაწილაკების ფიზიკაში. სადებიუტო რომანისთვის („მარტივი რიცხვების მარტოობა“) მოპოვებული Premio Strega-ს პრემიით პაოლო ჯორდანო ამ ჯილდოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა. „მარტივი რიცხვების მარტოობა“ 2024 წელს გამოსცა გამომცემლობა „პალიტრა L”-მა (მთარგმნელი მაია ტურაბელიძე). 2022 წელს მისი ბოლო რომანი „ტასმანია“ დასახელდა წლის საუკეთესო წიგნად  il Corriere della Sera-ს მიერ. რომანების გარდა, მუშაობს დოკუმენტური ლიტერატურის ჟანრშიც  (ამ ჟანრის წიგნია „როგორ მოქმედებს ინფექცია“), დაკავებულია ჟურნალისტიკითა და რეპორტაჟების მომზადებით, წერს სცენარებს. პაოლო ჯორდანოს ეკუთვნის HBO-ს სერიალის „ჩვენ წარმოვადგენთ მათ, ვინც ვართ“ და ფილმ „გვალვის“ სცენარები. მისი წიგნები ნათარგმნია 40-ზე მეტ ქვეყანაში. ამჟამად ცხოვრობს რომში.

 

მარტივი რიცხვების მარტოობა
(ფრაგმენტი რომანიდან)

მატია მართალი იყო: დრო კანზე გამხსნელივით მოქმედებდა, პიგმენტის უთხელეს ფენას დაუნდობლად შლიდა, ისევე როგორც მისი და ალიჩეს მეხსიერებიდან მოგონებებს.
კონტურები, ისევე როგორც გარემოებები, ჯერ კიდევ მუქი და მკვეთრი იყო, მაგრამ ფერები ერთმანეთში აირია, გახუნდა და ერთ უფერულ ლაქად იქცა, რომელსაც არც აზრი ჰქონდა და არც მნიშვნელობა.
ლიცეუმის წლები მოუშუშებელი ჭრილობა იყო, იმდენად ღრმა, როგორც მატიას, ასევე ალიჩეს, გახსენებაც კი უჭირდათ.
ის პერიოდი თითქოს სუნთქვაშეკრულებმა გაატარეს – ბიჭი უარყოფდა სამყაროს, გოგო კი, პირიქით, სამყაროსგან უარყოფილად გრძნობდა თავს, და მიხვდნენ, რომ ამ ორ წარმოდგენას შორის დიდი განსხვავება არც იყო.
მათ შორის უცნაური, ნაკლოვანი, რაღაცნაირი ასიმეტრიული მეგობრობა დამყარდა, რომელიც ხანგრძლივი არყოფნისა და დუმილისაგან შედგებოდა, მაგრამ როცა ორივეს სკოლის კედლები ყელში დახრჩობამდე წაუჭერდნენ ხელს, შეეძლოთ დაბრუნებოდნენ თავიანთ თავისუფალ და სუფთა ურთიერთობას, რათა გონს მოსულიყვნენ და ძალა მოეკრიბათ.
მერე, დროთა განმავლობაში, მოზარდობის ჭრილობები თანდათან შეუხორცდათ – კანზე ნაპრალები ერთმანეთს მიუახლოვდა, შეუმჩნევლად და უწყვეტად. ყოველ ახალ ნაკაწრს ქერქი სძვრებოდა, მაგრამ მერე ისევ ყალიბდებოდა, უფრო მუქი და სქელი, მაგრამ მის ქვემოთ იბადებოდა კანის გლუვი და ელასტიკური ფენა, რომელიც ძველს, ჩამოგლეჯილს ენაცვლებოდა. ნაიარევი სიწითლეს კარგავდა, ნელ-ნელა თეთრდებოდა და, ბოლოს და ბოლოს, სხვებს ერწყმოდა.

იტალიურიდან თარგმნა მაია ტურაბელიძემ

Information

Follow