მეგან ნოლანი (ირლანდია)
დაიბადა 1990 წელს. ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ იორკში. მისი სადებიუტო რომანი „სასოწარკვეთის აქტები“ (2021), რომელიც 14 ენაზე ითარგმნა, საერთაშორისო ბესტსელერი გახდა. 2025 წელს გამოიცა ქართულადაც, „სულაკაურის გამომცემლობაში“ (მთარგმნელი ნინი ჩაკვეტაძე).
მეორე რომანი „ჩვეულებრივი ადამიანური მარცხის შემთხვევები“ 2023 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე მოხვდა ერთდროულად რამდენიმე პრემიის („ორუელის პრემია პოლიტიკური პროზისთვის“, „ნეროს პრემია მხატვრულ ლიტერატურაში“, „გორდონ ბერნის ჯილდო“, „ენკორის პრემია ლიტერატურის სამეფო საზოგადოებისგან“) მოკლე სიაში და წარმოდგენილი იყო, ასევე „ქალთა პრემიის“ გრძელ სიაში.
ამჟამად მწერალი დოკუმენტური ლიტერატურის ჟანრის პირველ წიგნზე მუშაობს.
სასოწარკვეთის აქტები
(ფრაგმენტი რომანიდან)
შეიძლება, ვინმე ერთი ნახვით შეგიყვარდეთ, თან ისე, რომ საერთოდ არ იცნობდეთ?
როგორ ავღწერო ის, რაც მე დამემართა სიტყვა „სიყვარულის“ გარეშე?
გალერეაში ვიდექი და უბრალოდ სექსუალურ მიზიდულობას კი არ ვგრძნობდი (რომელსაც სუსტ, ფონულ ხმად აღვიქვამდი), კიდევ რაღაც შეგრძნება მქონდა, რომელიც მხოლოდ ასე შემიძლია აღვწერო – მძიმე და შემაშფოთებელი სიბრალულის განცდა.
იმას არ ვგულისხმობ, რომ თავი მასზე მეტი მეგონა. მთელი ჩვენი ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში, ყოველთვის ვთვლიდი, რომ კირანი ჩემზე უკეთესი იყო როგორც შინაგანად, ისე ზედაპირულადაც.
სიბრალულში იმას ვგულისხმობ, რომ თვალის ერთი შევლებისთანავე მწველმა სინაზემ შემიპყრო: ეს კაცი ადამიანი იყო. მაშინ ჩვეულებრივი მოწონებისა და თანაგრძნობის განცდა, რომელიც სხვა ადამიანების მიმართ მქონდა, იმდენად გამიმძაფრდა, რომ სუნთქვა შემეკრა.
ახლაც კი, იმ ყველაფრის მერე, რაც ჩვენ შორის მოხდა, დღემდე მისით ვარ შეძრული.
კირანი არც პირველი კაცი იყო, რომელთანაც ვიწექი და არც პირველი, ვის მიმართაც ავადმყოფური გრძნობები მქონდა, მაგრამ პირველი იყო, ვისაც ვაღმერთებდი. მისი სხეული ჩემი სალოცავი იყო. ადგილი, სადაც საკუთარი სხეული მავიწყდებოდა და მხოლოდ მისაში ვიყავი შერწყმული. ეს იყო აბსოლუტური სიამოვნების, აბსოლუტური მშვენიერების ობიექტი. გგონიათ, ვერ ვხვდები, მის სხეულს ადგილს და ობიექტს რომ ვეძახი? გგონიათ, არ ვიცი, რას ნიშნავს იყო ქალი, რომელიც კაცის სხეულზე ასე ლაპარაკობს? რა ვიცი კაცის სხეულზე – და შეიძლება კი ვინმეს სხეულმა დაიმსახუროს, ან დასჭირდეს ასეთი ხოტბის შესხმა?
რა შეგრძნებაა, როცა თან ასეთი ლამაზი ხარ და თან შეგიძლია, სრულიად უხილავი გახდე, როცა კი მოისურვებ? რას ნიშნავს, როცა ლამაზი კაცი ხარ?
ინგლისურიდან თარგმნა ნინი ჩაკვეტაძემ
