მარკუს მავილ ვიტცელი (გერმანია)

დაიბადა 1976 წელს აღმოსავლეთ ბერლინში. კომიქსების ხატვა სკოლაში დაიწყო და მოგვიანებით გამოაქვეყნა ენთუზიასტთა არაოფიციალურ გამოცემებში, ე.წ. ფანზიმებში. გერმანიის გაერთიანების შემდეგ გრაფიკულ დიზაინს სწავლობდა ბერლინ-ვაისენზეეს ხელოვნების სკოლაში, სადაც გააგრძელა კომიქსებზე მუშაობა.

ვიტცელის სადიპლომო პროექტი „შეგვიძლია, მეგობრებად დავრჩეთ“ ავტორისთვის წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისად იქცა გამომცემლობა Reprodukt Verlag-თან.  მას შემდეგ ვიტსელის წიგნები 15-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. გარდამტეხი აღმოჩნდა წიგნი სათაურით „Kinderland“ (2014), რომელიც წარმოადგენს გრაფიკულ რომანს გერმანიის ყოფილ დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერთიანებამდე დარჩენილ ბოლო დღეებში გატარებული ბავშვობის შესახებ. ავტორი მრავალი ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა „მაქსისა და მორისის პრემია“, ICOM – დამოუკიდებელი კომიქსის პრიზი, ვილჰელმ ბუშის პრემია და რუდოლფ დირქსის ჯილდო.

მიუხედავად იმისა, რომ უყვარს ველოსიპედით სიარული და არ უყვარს ჯირითი, სწორედ ვიტსელმა შექმნა საქვეყნოდ ცნობილი სერიალის, „იღბლიანი ლუკის“, გაგრძელება სათაურით „იღბლიანი ლუკი ცხენზე ჯდება“.

გრაფიკული რომანი “ქინდერლანდ” ქართულად ნინო ბურდულმა თარგმნა და გამომცემლობა “მატარებელი კომიქსმა” გამოსცა 2025 წელს. ქართულენოვან დიზაინსა და ასოთმხატვრობაზე კი ნინო ყაველაშვილმა იზრუნა.

Information

Follow