კულუკ ჰელმსი (დანია)
პოეტი, პერფორმანსერი, ორატორი, გრენლანდიური ნიღბებით მოცეკვავე, ინუიტი ხალხის კულტურული ტრადიციების მატარებელი.
ჰელმსის პოეტურ კრებულში „ჩემს სულს ტკივილები ეზრდება“ ასახულია ის გამოწვევები, რაც უკავშირდება ადამიანის ზრდას, სიყვარულსა და მშფოთვარე გონებას. მისი ნაწარმოებების მამოძრავებელი მუხტია ცნობისმოყვარეობა, ნორმების მიმართ ფაქიზად კრიტიკული დამოკიდებულება და სურვილი, საზოგადოებაში გააღვივოს ინტერესი ინუიტთა ფილოსოფიის მიმართ კოლექტივის ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობის ხაზგასმით.
ჰელმსი ფლობს ესექსის უნივერსიტეტის ხელოვნების მაგისტრის ხარისხს და არის დოქტორანტურის სტუდენტი პარიზი-საკლეს უნივერსიტეტში CEARC-ის მიმართულებით. ხელოვნებაზე დაფუძნებული მისი კვლევა ეხება იმას, თუ გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფმა კონკრეტულმა კულტურამ, მასზე ხელმისაწვდომობამ და პრაქტიკულმა გამოყენებამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კალაალიტ ნუნაატში (გრენლანდია) მცხოვრები ინუიტების პერსონალურ ნარატივზე, როგორც კოლექტიურად, ისე ინდივიდუალურად. მისი, როგორც მეცნიერის კვლევის ძირითადი თემებია: დეკოლონიზაცია, ადგილობრივი გნოსეოლოგები, სასიცოცხლო რისკები.
* * *
ვდგავარ წყლის პირას.
ამ დროს შენზე
ვფიქრობ ყოველთვის.
ჩვეულებრივზე უფრო ხშირად
ვფიქრობ მე
შენზე.
ქვას ვისვრი წყალში. ვხედავ,
აღელდა წყლის ზედაპირი. ქვა ჩაიძირა.
აზრად მომდის:
მე ალბათ ქვა ვარ,
შენ – ზღვა,
ლამაზი, უძიროდ
ბნელი.
მომდევნო აზრი:
ვდგავარ წყლის პირას.
ამ დროს შენზე ვფიქრობ
ყოველთვის.
ასეთი რამ უფრო და უფრო
ნაკლებად ხდება.
ქვას ვისვრი წყალში.
ვხედავ, იძირება.
წყლის აჭრილი ზედაპირი
მალე მთელდება.
მე ვარ სიღრმე.
შენ ქვა იქნები.
პწკარედი დანიურიდან ზაზა უჯმაჯურიძის თარგმნა მანანა მათიაშვილმა
