იანე თელერი (დანია)

ავსტრო-გერმანული წარმოშობის პოპულარული დანიელი მწერალი დაიბადა 1964 წელს. განათლებით მაკროეკონომიკის სპეციალისტი, 1995 წლამდე, მწერლობის პროფესიად გადაქცევამდე, გაეროში მუშაობდა ჰუმანიტარული დახმარებისა და კონფლიქტების გადაჭრის მიმართულებით, რის გამოც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა.

მისი შემოქმედება მუდმივად უტრიალებს სიცოცხლისა და ცივილიზაციის ეთიკურ და ეგზისტენციალურ პრობლემებს და ხშირად იწვევს პოლემიკას. ცნობილია რომანებით: „ოდინის კუნძული“ (1999), „ყველაფერი იმის შესახებ, რაც გაკლია“ (2004), „მოსვლა“ (2008). არის მცირე პროზის ავტორიც – ეკუთვნის მოთხრობების კრებული „ყველაფერი“ (2014). საყმაწვილო ჟანრის ეგზისტენციალური რომანი „არაფერი“ (2000), რომელიც თავიდან აკრძალული იყო, ჯილდოს მფლობელი და საერთაშორისო ბესტსელერი გახდა მას შემდეგ, რაც ითარგმნა 37 ენაზე და მთელ მსოფლიოში ორ მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. შეიქმნა რომანის როგორც საოპერო (Royal Opera, ლონდონი, 2016), ისე კინემატოგრაფიული (2022) ვერსია და დაიდგა მსოფლიოს 100-ზე მეტ სცენაზე. ქართულად გამოსცა „სულაკაურის გამომცემლობამ“ (მთარგმნელი ქეთი ნიკოლაძე, 2024).

იანე თელერს მიღებული აქვს უამრავი ლიტერატურული გრანტი და პრემია, მათ შორის: საუკეთესო დანიური საბავშვო-საყმაწვილო წიგნის პრემია რომანისთვის „არაფერი“, ამერიკელი მაიკლ ლ. პრინცის საპატიო ჯილდო ლიტერატურული ოსტატობისთვის და Prix Libbylit ფრანგულენოვან სამყაროში საუკეთესო საბავშვო-საყმაწვილო წიგნისთვის. 2014-2019 წლებში იყო პრესტიჟული „გერმანული წიგნის პრემიის“ ჟიურის წევრი, ხოლო 2018 წელს დასახელდა გერმანიაში კულტურული მემკვიდრეობის ელჩად.

 

 

არაფერი

(ნაწყვეტი რომანიდან)

 

პიერ ანტონი მამამისთან და კომუნასთან ერთად ტაირინგვეის 25 ნომერში, გლეხის ერთ-ერთ ყოფილ კარ-მიდამოში ცხოვრობდა. პიერ ანტონის მამა და კომუნის ყველა წევრი ჰიპები იყვნენ, რომლებიც ,,სამოცდარვიანებში ჩარჩნენ”. ასე ჩვენი მშობლები ამბობდნენ და თუმცა მთლად კარგად არ გვესმოდა, რას ნიშნავდა ეს სიტყვები, ჩვენც იმავეს ვიმეორებდით. სახლის წინ, ბარში, ზედ ქუჩის პირას, ვიქტორიას ჯიშის ქლიავი იდგა. დიდი ხე იყო, ბებერი და მოკუზული, ღობისკენ გადახრილიყო და თავისი მტვრიანი ნაყოფით გვიტყუებდა. არადა, ვერ ვწვდებოდით. წინა წლებში მათ ხელში ჩასაგდებად მაღლა ვხტებოდით ხოლმე. ახლა ამას აღარ ვაკეთებდით. პიერ ანტონი სკოლიდან წამოვიდა, რომ ქლიავის ხეზე მჯდარიყო და ჩვენთვის მკვახე ქლიავები ესროლა. ზოგი გვხვდებოდა ხოლმე. არა იმიტომ, რომ პიერ ანტონი საგანგებოდ გვიმიზნებდა, მეტი საქმე არა მაქვს, უბრალოდ, შემთხვევითობის ამბავიაო, გვიმტკიცებდა.

– ყველაფერი სულერთია, – დაიყვირა ერთ დღეს, – რადგან ყველაფერი მხოლოდ იმიტომ იწყება, რომ ერთხელაც დამთავრდეს. იმავე წუთს, როცა იბადებით, სიკვდილსაც იწყებთ. ყველაფერი ასეა.

– დედამიწა ოთხი მილიარდ ექვსასი მილიონი წლისაა, თქვენ კი მაქსიმუმ ას წელს მიაღწევთ! – მოგვაძახა მეორე დღეს, – ცხოვრება წვალებად არ ღირს. ყველაფერი თამაშია, სხვა არაფერი; და ერთადერთ რამემდე დაიყვანება; თავი უნდა მოიკატუნო და ამაში საუკეთესო  იყო.

სხვათა შორის, აქამდე არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ პიერ ანტონი ჩვენ შორის ყველაზე ჭკვიანი იყო, მაგრამ უეცრად ყველამ ასე ჩავთვალეთ, რადგან ის რაღაცას მიხვდა. თუმცა, აღიარებას მაინც ვერ ვბედავდით. ვერც ჩვენი მშობლების, ვერც მასწავლებლების და ვერც სხვების წინაშე. საკუთარი თავის წინაშეც კი. არ გვინდოდა იმ სამყაროში ცხოვრება, რომელზეც პიერ ანტონი გვიყვებოდა. ჩვენგან რაღაც უნდა დამდგარიყო. გვინდოდა ვიღაც გავმხდარიყავით.

გარეთ გამავალი მოღიმარი კარი არ გვიზიდავდა.

საერთოდ არა, ნამდვილად არა!

 

გერმანულიდან თარგმნა ქეთი ნიკოლაძემ

 

Information

Follow