ივარს შტეინბერგსი (ლატვია)
დაიბადა 1991 წელს. პოეტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, ლიტერატურული ჟურნალის, Strāva-ს, რედაქტორი. მიჩნეულია თანამედროვე ლატვიური პოეზიის წამყვან ფიგურად. ავტორია 4 პოეტური კრებულის, რომელთაგან მეორემ („ახალგაზრდობა“) 2022 წელს მოიპოვა ლატვიური ლიტერატურის ყოველწლიური პრემია, ბოლოს, 2025 წელს გამოცემული „ამბები“ კი ხასიათდება, როგორც „ლინგვისტურად ინოვაციური, კვლევაზე დაფუძნებული და ფანტაზიით აღსავსე“. ზოგადად, შტეინბერგსის პოეზია გამოირჩევა უნივერსალურობით, ემოციების ფართო სპექტრითა და სხეულისადმი მიმართული ინტერესით, რაც აიხსნება 2024 წელს რიგის უნივერსიტეტის ანატომიის მუზეუმთან პოეტის შემოქმედებითი თანამშრომლობით.
შტეინბერგსი ხშირად იბეჭდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებსა და გამოცემებში. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია ინგლისურ, უკრაინულ, ფინურ, ესტონურ და სხვა ენებზე. შტეინბერგსი ლატვიურად თარგმნის უცხოელ პოეტებს. ნათარგმნი აქვს ლუიზ გლიკის, სილვია პლათის, ენ სექსტონის, შერონ ოლდსის, იან ვაგნერის, ფორესტ განდერისა და რობერტ ბლაის პოეზია.
ორგანოები, მელანქოლიას რომ იწვევს
რობერტ ბერტონი
„მელანქოლიის
ანატომიაში“
ამბობს, რომ
არ არსებობს
არცერთი ორგანო,
რომელიც
მელანქოლიას
არ იწვევს.
მაპატიე,
რომ გასაუბრებაზე
დავაგვიანე,
გაჩერებაზე
ვიდექი,
და მაინც
გამასწრო
მე-11 ავტობუსმა,
ფერდში –
იქ, სადაც ელენთაა –
გამჭვალა,
და მძიმე
მელანქოლია
ვიგრძენი.
მაპატიე,
რომ წერილზე
არ გიპასუხე,
„დომინაში“
ვიყავი,
ნაყინის გამყიდვლის
ცერა თითი დავინახე,
დინოზავრებიანი პლასტირი
ჰქონდა დაკრული,
და უცნაურად
გაწელილი
მელანქოლია
დამეუფლა.
მომიტევე
ჩემი ცოდვები;
ერთ ეკლესიაში
ვიყავი –
ალბათ რიგის დომეში –
ივეტა აპკალნეს კონცერტზე,
საორგანო მუსიკის გუნდთან ერთად,
მესამე სტროფში
სოლისტი
აღრიალდა –
არ არსებობს
არცერთი ატომი,
რომელიც
მელანქოლიას
არ აღძრავს, –
თანაც
სიტყვები
გერმანულად
უნდა ყოფილიყო.
ლატვიურიდან თარგმნა ნინო იაკობიძემ