ერიკ სკოტი (აშშ)
დაიბადა 1978 წელს. არის კანზასის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და რუსული, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევების ცენტრის დირექტორი. ის ასევე რედაქტორობას უწევს ჟურნალს The Russian Review. მისი შესწავლის საგანია მრავალეთნიკური საბჭოთა კავშირი და მისი გლობალური მემკვიდრეობა. ის იკვლევს მიგრაციას, დიასპორასა და იმპერიას ევრაზიაში და მის ფარგლებს გარეთ, რათა ნათელი მოჰფინოს რეგიონის მრავალფეროვნებას და მის ურთიერთობას გარე სამყაროსთან.
ის არის ავტორი წიგნისა „ნაცნობი უცხოები: ქართული დიასპორა და საბჭოთა იმპერიის ევოლუცია“ . წიგნი მოგვითხრობს ქართველებზე, როგორც საბჭოთა კავშირის შიდა დიასპორაზე, რომელმაც მოსკოვში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. თავისი თვალშისაცემი ეთნიკური განსხვავების გამოყენებით კულინარიასა და კულტურულ ინსტიტუციებში, არაფორმალურ ეკონომიკაში ცნობადი პროდუქციის შეტანით და სცენასა თუ ეკრანზე გამოხატვის დასაშვები ზღვრების გაფართოებით, ქართველებმა წარუშლელი კვალი დატოვეს საბჭოთა პოლიტიკაში, ეკონომიკასა და კულტურაში.
ნაცნობი უცხოები: ქართული დიასპორა და საბჭოთა იმპერიის ევოლუცია
(ფრაგმენტი)
ქართველები იყვნენ მრავალეთნიკური საბჭოთა იმპერიის ყველაზე ნაცნობი უცხოები. ისინი კავკასიაში მდებარე თავიანთ რესპუბლიკას გასცდნენ და მოსკოვში იმპერიული ძალაუფლება მოიპოვეს, მაგრამ მაინც გამორჩეულ ეროვნულ საზოგადოებად რჩებოდნენ. ქართველების ეთნიკური განსხვავებულობით განსაზღვრული დიასპორა, ამავდროულად, საბჭოთა კავშირის შიდა ნაწილი იყო. ამ უცხოობას საბჭოთა სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილებით ავლენდნენ, მაგრამ ამას დიდწილად თავიანთ სასარგებლოდ იყენებდნენ. მათ წარმატებას მიაღწიეს, რადგან მათი კულტურული რეპერტუარი ხაზს უსვამდა ამოსაცნობ განსხვავებულობას; რადგან მათი ქსელები საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (სსრ) ფარგლებს სცდებოდა ცენტრალურ ინსტიტუციებთან გადასაკვეთად და კიდევ იმის გამო, რომ მათი სამშობლო მტკიცედ რჩებოდა საბჭოეთის საზღვრებში და შეეძლო, ამოუწურავად გაეღო იდეოლოგიურად სანქცირებული კულტურული და მატერიალური რესურსები. ქართველებს ჰქონდათ უნარ-ჩვევების გამორჩეული ერთობლიობა და კულტივირებული მითოლოგია, რომელიც ამ უნარებს შეესაბამებოდა. საბჭოთა ხელისუფლება იყენებდა, ხელს უწყობდა საქართველოს წარმატებას, ხანდახან უკმაყოფილებასაც კი გამოხატავდა მისი განსაკუთრებულობის გამო, ხოლო ქართველები იყენებდნენ მას და იმპერიის ფარგლებში გამორჩეულობასაც ინარჩუნებდნენ და თან თავიანთ ტერიტორიაზე თვითდამკვიდრებასაც ახერხებდნენ.
ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ
