დენიზ უტლუ (გერმანია)

თურქული წარმოშობის გერმანელი მწერალი. დაიბადა ჰანოვერში 1983 წელს. გამოქვეყნებული აქვს რომანები: „თავშეუკავებლები“ (2014), „ხვალინდელი დღის წინააღმდეგ“ (2019) და „მამაჩემის ზღვა“ (2023). მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: ბავარიული წიგნის პრემია, ლიტერატურული პრემია „LiteraTour Nord“ და ალფრედ დიობლინის პრემია. მისი ნაწარმოებების სასცენო ადაპტაცია წარმოდგენილ იქნა ჰანოვერისა (2024) და მაქსიმ გორკის სახელობის (2015) თეატრებში. უტლუს გამოქვეყნებული აქვს ესეები პოეზიისა და პოლიტიკის შესახებ; ასწავლიდა შემოქმედებით წერას ლაიფციგის გერმანული ლიტერატურის ინსტიტუტში, ვენის ენის სახელოვნებო ინსტიტუტსა და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში. 2014 წლამდე, ათი წლის განმავლობაში, იყო კულტურისა და საზოგადოებრივი ჟურნალის („freitext“) რედაქტორი.

 

აღარასოდეს იქნები მარტო, მამა
(ნაწყვეტი რომანიდან)

ამბობენ, ესაა ადამიანის უკანასკნელი ამოსუნთქვაო. სინამდვილეში კი ესაა ჩასუნთქვა, სანამ ყველაფერი არ დამთავრდება.
ეს იმ დღის მერე ვიცი, როცა მამა მოკვდა. ჩემს მეხსიერებაში მინდა მასთან დავბრუნდე. აქ, წყალთან.
ისევ ბნელა. ეს წყალი, ჩემი ფანჯრიდან რომ მოჩანს, ვერ შეედრება იმ პირვანდელ წყალს, დედამიწა რომ გაჩნდა.
ის უძრავი, კოსმოსური ყინული იყო. სინათლეც არ არსებობდა, ამიტომ იყო შავი. ყინული, რომელიც მოგვიანებით დადნა და რომლიდანაც ყველაფერი ცოცხალი წარმოიშვა. ადამიანიც. ადამიანი, თითოეული ცოცხალი არსება თავის სათავეს წყლიდან იღებს.
ადამიანის თვალების 95% წყალია. ადამიანის ტვინის 85% წყალია. ადამიანის გულის 75% წყალია.
როცა ადამიანი კვდება, წყალი არ ქრება. სხეულის დაწვისას ის სამყაროში ორთქლდება, და თუ დაიმარხება, წყალი მიწაში ჩაჟონავს. წვიმად წამოვა, გამოკვებავს მცენარეებს და სხვა ცოცხალ არსებებს. სხვა სხეულებად გარდაიქმნება, სხვა კვერცხუჯრედში, სხვა თვალში, სხვა გულში, სხვა ტვინში დაილექება.
ადამიანი მიდის, წყალი კი რჩება ამ სამყაროში.

 

გერმანულიდან თარგმნა მაია პეტერ-მირიანაშვილმა

Information

Follow