აზად იაშარი (აზერბაიჯანი)
პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი, არქიტექტორი, მხატვარი, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა პოსტმოდერნიზმისა და კონცეპტუალიზმის აზერბაიჯანელ წარმომადგენელთა შორის. მისი ლექსები ნათარგმნი და გამოცემულია 10 უცხო ენაზე. იაშარი 20 წიგნის ავტორია, მათ შორისაა პოეტური კრებულები: „ყველა და არავინ“ (2003) და „კონცეპტი“ (2016), რომლებშიც ლექსებთან ერთად შესულია ავტორის გრაფიკული ნამუშევრებიც.
თავად მას აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი აქვს მსოფლიო ლიტერატურის 650-მდე ავტორის ნაწარმოები. არქიტექტორის თანამდებობაზე მუშაობდა აზერბაიჯანსა და რუსეთში; წლების განმავლობაში იყო სოციალური დაცვის სახელმწიფო ფონდის გაზეთ „პენსიონერის“ მთავარი რედაქტორი; არის აზერბაიჯანის დამოუკიდებელ მწერალთა კავშირისა (AYO, 2001) და მისი ბეჭდვითი ორგანოს, ჟურნალ „ალატორანის“, ერთ-ერთი დამფუძნებელი. მიღებული აქვს მონაწილეობა ორ რესპუბლიკურ გამოფენაში, სადაც წარადგინა საკუთარი კალიგრაფიული კომპოზიციები.
ცხოვრების ავან-ჩავანი
გრძელი რიგი შევამჩნიეთ ქვეყნად მოვლინებისას.
ჩინეთის დიდი კედელივით გრძელი და
ცოცხალი კედელი.
„რას არიგებენ?“ ვიკითხეთ რიგში მდგომებისგან
ცნობისწადილით.
კითხვაზე არვინ გამოგვპასუხებია,
არ გადახსნილა ბაგეთა ელშესაკრავი.
მოყუჩე და გახევებული იდგა ყველა.
მეტი რა ჩარა იყო, რიგში ჩავდექით:
“ამოდენა ხალხი უსაქმოდ ხომ არ ჩამოდგებოდა აბა,
რაღაც იციან უთუოდ” –
დავირწმუნეთ თავი.
რიგმა რომ გვიწია
მაშინ ჩავვარდით გონში –
სიკვდილის კუდში ვმდგარვართ თურმე –
ისევე, როგორც ყველა.
ყველაფერი ისე სწრაფად ჩათავდა…
ყველაფერი ისე გაიწელა რომ…
აზერბაიჯანულიდან თარგმნა ოქტაი ქაზუმოვმა
