არამ პაჩიანი (სომხეთი)
დამოუკიდებლობის თაობის აღიარებული მწერალი. დაიბადა 1983 წელს. მისი პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული „რობინზონი“ 2011 წელს დაიბეჭდა და ავტორს ლიტერატურის საპრეზიდენტო პრემია მოუტანა. რომანი „ნახვამდის, ჩიტო“ 2012 წელს ეროვნულ ბესტსელერად იქცა. 2020 წელს გამოსულმა რომანმა „P/F“ მომდევნო წელს ლიტერატურის ევროპული პრემია მიიღო. პაჩიანს ეკუთვნის ასევე მოთხრობების კრებული „ოკეანე“ (2014) და წიგნი „თუ სულ ეს არის მწერალი“ (2023), რომელშიც შესულია მისი გამოსვლების ტექსტები, სტატიები, ესეები და მოკლე მოთხრობები.
მწერალი მუშაობს რადიოშიც, სადაც მიჰყავს გადაცემა „ბიბლიოთეკაში არამ პაჩიანთან ერთად“. იყო ასევე გაზეთ „ჰრაპარაკის“ ჟურნალისტი და წერდა საავტორო სვეტს „ჩვენი ქალაქი“ – სომხეთის დედაქალაქის ისტორიის, მოგონებებისა და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ.
პიესა „მე ვეგეტარიანელი ვარ“, რომელიც ეფუძნება მისივე რომანს „ნახვამდის, ჩიტო“, 2017 წელს დაიდგა ამერიკაში. 2015 წელს იქვე დაიდგა რომანის „P/F “-ის მიხედვით შექმნილი მუსიკალური პიესა „პაჩიანური ფრაგმენტები“, რომლის კომპოზიტორიც იყო არამ ჰოვჰანისიანი. ოპერა „ნახვამდის, ჩიტო“ დაიდგა მიუნხენში საერთაშორისო ასოციაცია „არტ კონცეპტის“ მიერ. ჯერჯერობით პაჩიანის ტექსტებზე დაფუძნებული ბოლო თეატრალური პროექტია პიესა „კაცების მონოლოგი“ მჰერ მკრტიჩიანის სახელოვნებო თეატრში.
P/F
(ნაწყვეტი რომანიდან)
ჩემში არც ზღვა ჩქეფს, არც ოკეანე, უსაზღვრო სივრცეებისთვის დახურული ვარ. ცასა და კოსმოსში ყოფნის არც სურვილი მაქვს, არც ამბიცია. მე მიყვარს მიწაზე მდგომს ცაში ყურება, მიყვარს ჩვენი სახლის სახურავიდან ვარსკვლავების თვლა. დაე, ყველაფერი თავის ადგილზე დარჩეს – ცა ცად, მიწა მიწად. ჩემში არც ზღვა ჩქეფს, არც ოკეანე, კმარა, ჩემი თავისუფლებისგან დავიღალე, დავიღალე კაფეებით, კლუბებით, რბილი სავარძლებით, თაფლგადმომდინარე ნამცხვრებით, ჩხირებითა და ჯერკით, უაზრო წუხილით და ნაძალადევი სიცილით. კმარა! სახის გამჭრელი კიდეები მჭირდება, ერთმანეთს მიკრული ნაპირები, ცულის მკვეთრი დარტყმა, ნიაღვარი, მჭირდება ბზარი, ნანგრევები, გაზაფხულის ტალახი, ბელტი, თოვლიანი ქვები. საჭიროა გახსნილი ჭრილობა, რომელთანაც შემიძლია მივიდე, დავრჩე მარტო, რამდენიმე საათი ვიჯდე და უბრალოდ ვუყურო, დიდხანს ვუყურო, განთიადამდე დუღილის კარნავალის ხელახლა განცდამდე. ჩემში არც ზღვა ჩქეფს, არც ოკეანე, მაგრამ ვიპოვე ჩემი მისასვლელი ადგილი, ჩემი ფიქრის წერტილი – პატარა ჩხრიალა ნაკადული, მიწაზე დაღვრილი ყურძნის წვენი, ის ერთ დროს იყო, არის, მისი კალაპოტი ბეტონითა და რკინით ჩაუკეტავთ, შეუცვლიათ, დაჭრილი მიედინება ქალაქის წიაღში, ბრუნავს, იხარშება, ჩუმად ბუყბუყებს. მე ვიპოვე ის. დღის ბოლოს ხანჯიანზე ჯერ კიდევ შემორჩენილი არტერიისკენ მოვდივარ, მანქანას ბაზალტის ბარიერის წინ ვაჩერებ, ჩამოვდივარ, ბარიერის კიდეზე ვდგები და ქვემოთ ვიყურები. გეტარი მიედინება დაკლაკნილი ნაკადივით, იმდენადაა დავიწროებული, რომ პეშვში დამეტევა. მკლავის სიგამხდრეა, მოზარდის ფერმკრთალი მკერდი. მიედინება შეკავებულად, თითქოს ვიღაცამ ფეხი დაადგა, თმებით ქაჩავს, ენაში რკინის კაუჭებს უყრის და არ აძლევს ცხოვრების უფლებას. ის არ არის არც ევფრატი, არც ტიგროსი, არც განგი, არც სენა, არც ტემზა, არც დუნაი, არც ნილოსი და არც პო.
სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა
