ანა აიანოგლუ (საფრანგეთი)
პოეტი და რადიოპროგრამების პროდიუსერი. დაიბადა 1985 წელს, დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი, სადაც რუსულ ლიტერატურას სწავლობდა. მოგვიანებით, სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ფრანგული ენის მასწავლებლად ლიეტუვასა და ესტონეთში. პირველი პოეტური კრებული „გადაკვეთების ძაფი“, რომელიც „გალიმარმა“ 2019 წელს გამოსცა, ანას პედაგოგიური გამოცდილების საფუძველზე დაწერილი ლექსებისგან შედგება. 2020 წელს კრებულმა მოიპოვა „აპოლინერისა“ და „საფრანგეთის მწერალთა საზოგადოების“ პრემიები დებიუტის ნომინაციებში. მეორე კრებული „ბრძოლის შეგრძნებები“ კვლავ „გალიმარმა“ გამოსცა 2022 წელს.
ანა აიანოგლუ 2014 წლიდან ბრიუსელში ცხოვრობს, სადაც „რადიო პანიკზე“ მიჰყავს მსოფლიო პოეზიისადმი მიძღვნილი გადაცემა „Et la poésie, alors?“ („და, პოეზია?“), სადაც ლექსებს კითხულობენ ორიგინალურ ენებზე ფრანგულ თარგმანებთან ერთად. 2023 წელს გადაცემა მიეძღვნა თანამედროვე ქართველ პოეტებს – წაიკითხეს ლია სტურუას, ნატო ინგოროყვას, მაია სარიშვილის, თეა თოფურიასა და ლელა ცუცქირიძის ლექსები ქართულად და ბაჩანა ჩაბრაძის ფრანგულ თარგმანებში.
2024 წლის მარტში გამომცემლობა „ლე კასტორ ასტრალმა“ გამოსცა აიანოგლუს მესამე პოეტური კრებული „მიკუთვნება“. ამ კრებულიდან რამდენიმე ლექსი ქართულად თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ ჟურნალისთვის „ინდიგო“.
სიმპტომები ღამით
რაც არ უნდა შევახვიო, გადავუჭირო
მაინც ღვარად მოედინება
— ერთ ხვრელს ვხურავ
სული მაშინვე ხვრეტს სამ სხვა ხვრელს
— კიდევ უფრო მეტი წნევით მოჩქეფს და მოჩქეფს
ეზოში გასვლა შუაღამით — უღრუბლო ზეცა
უთვალავი ვარსკვლავი — ცოტა
რა? ნუგეში სისულელეა — დავიწყება
— მხოლოდ ღამეში მომწყვდეული
მზერის მომენტში — სულის მოთქმა.
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ
