ანია შმიტერი (შვეიცარია)
დაიბადა 1992 წელს. სწავლობდა გერმანულსა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობას ციურიხში, ბორდოსა და ვენაში. მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ლიტერატურული წერის მიმართულებით ბერნის ხელოვნების უნივერსიტეტში. ამის შემდეგ ერთი წელი პატიმართა თეატრალური პროექტისთვის მუშაობდა დრამატურგად და, ასევე, მასწავლებლად პროფესიული ინტეგრაციის სფეროში.
შმიტერი წერს პროზაულ ნაწარმოებებს და აკეთებს ლიტერატურ რეპორტაჟებს, მათ შორის, ჟურნალისთვის „Reportagen Magazin“. მისი სადებიუტო რომანი „ლეოპარდა“ ბაზელში 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა გამომცემლობა Lenos Verlag-ის მიერ.
ამჟამად მწერალი მონაცვლეობით ცხოვრობს ციურიხსა და თბილისში, სადაც მუშაობს მეორე რომანზე და აქტიურად არის დაკავებული ლიტერატურული საქმიანობით.
„ლეოპარდა“
(ფრაგმენტი რომანიდან)
– თავი გტკივა? – ჰკითხა ერნსტმა.
კლეოს პასუხი არ გაუცია, მუსლის ფიალაში კოვზს ურევდა. საათის ისრის მიმართულებით. პატარა ფანტელები რძეში ირეოდა და რაც უფრო სწრაფად ურევდა კლეო, ფანტელებიც სულ უფრო სწრაფად ირეოდა რძის მორევში. მერე საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო მორევა. რძის პირველი ნაკადი მეორეს შეერია, ტალღებად ამოიზვირთა და ახალ დინებად ქცეული, მეორე მხარეს დატრიალდა.
– იცი რა, ერნსტ, ცოტა იოლად შეხედე.
– რას? – ჰკითხა ერნსტმა.
კლეომ კოვზი ასწია. შვრიის პატარა ფანტელები წრეში განაგრძობდა ტრიალს.
– ჩვენს ურთიერთობას.
– აა, გასაგებია.
ერნსტმა ყავა დაისხა.
– გინდა?
კლეომ უარის ნიშნად თავი გააქნია, შეხედა და სიყვარულით გაუცინა.
– ახალგაზრდა ვარ, – უთხრა კლეომ. – მრავალფეროვნება მჭირდება.
ერნსტი ხუთი წლით უფროსი იყო, უკვე ოცდაათის და ხვდებოდა, რასაც გულისხმობდა კლეო.
– კარგი, ასე ვქნათ.
შეთანხმდნენ, რომ სხვებსაც შეხვდებოდნენ პაემნებზე და თუ სიტუაცია ხელს შეუწყობდათ, ურთიერთობაც უფრო შორს წავიდოდა.
– პრეზერვატივი, – უთხრა კლეომ და თითი ასწია. ერნსტმა თავი დაუქნია: ისევ ეს მასწავლებლის დამრიგებლური თითი. ორივეს გაეცინა. პირობა დადეს, რომ ერთმანეთს არაფერს დაუმალავდნენ.
გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ