ჰალინა კრუკი

ჰალინა კრუკი (ლვოვი, უკრაინა, 1974) არის პოეტი, მთარგმნელი, საბავშვო მწერალი და ლიტერატურათმცოდნე. ჰალინა კრუკს აქვს ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი უკრაინულ ლიტერატურაში და ამჟამად იკვლევს უკრაინულ შუა საუკუნეების ლიტერატურას. ის არის ხუთი პოეტური კრებულის ავტორი: „მოგზაურობები სახლის ძებნაში“, „ნაბიჯები ქვიშაზე“ (ორივე 1997), „სახე ფოტოს მიღმა“ (2005), „თანა(არან)არსებობა“ (2013) და „ზრდასრული ქალი“ (2017). კრუკის ნაწარმოებები ფართოდ ქვეყნდება ლიტერატურულ ჟურნალებში და მიღებული აქვს ორი საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდო. მისი ლექსები თარგმნილია 20-ზე მეტ ენაზე.

გარდა ამისა, კრუკი წერს საბავშვო პოეზიასა და პროზას, რომლებსაც აქვეყნებს საბავშვო ჟურნალებსა და ანთოლოგიებში. 2003 წელს მან მოიგო საბავშვო წიგნების საერთაშორისო კონკურსი „ნაბიჯ-ნაბიჯ“. მისი წიგნები „მარკო მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო“ და „პატარ-პატარა“ თარგმნილია 15 ენაზე.

ჰალინა კრუკი დაჯილდოებულია ხელოვნების სტიპენდიით GAUDE POLONIA (პოლონეთის კულტურის სამინისტრო, ვარშავა, 2003 და 2010 წწ.) და HOMINES URBANI-ს სტიპენდიით ვილა დეციუსში (კრაკოვი, 2005 წ.). ის ასევე მონაწილეობდა მწერალთა და მთარგმნელთა ბალტიის ცენტრის პროგრამაში (ვისბი, 2007 წ.). არის უკრაინის პენ-კლუბის ვიცე-პრეზიდენტი და ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორი ლვოვის ეროვნულ უნივერსიტეტში.

Information

Follow