კრიპა (ინდოეთი)

კრიპა (Kripa) მუმბაიში მცხოვრები ილუსტრატორი, მწერალი და ხელოვნების პედაგოგია. მისი შემოქმედების მთავარი შთაგონების წყაროა მუმბაი −  იქ მცხოვრები ბავშვები, ზრდასრულები, მათი ყოველდღიური ცხოვრება და სოციალური პრობლემები. კრიპა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ წიგნები ხელმისაწვდომი იყოს ყველა სოციალური ფენის ბავშვისთვის და აქტიურად უწყობს ხელს თემებში უფასო ბიბლიოთეკების შექმნას.

უკვე 22 წელზე მეტია, კრიპა ხელოვნების პედაგოგად მუშაობს. კრიპას წიგნმა „ხელოვნებას ხმა აქვს“ ინდოეთსა და საერთაშორისო დონეზე არაერთი ჯილდო და აღიარება მოიპოვა. წიგნი ამჟამად გამოიცემა მექსიკასა და საქართველოში. კრიპას საბავშვო წიგნებში მუდმივად იკვეთება ისეთი თემები, როგორიცაა სოციალური სამართლიანობა, მულტიკულტურალიზმი, თემის ცხოვრება და ხელოვნება.

იგი მჭიდროდ თანამშრომლობს მუმბაიში მოქმედ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. მათთან ერთად  ქმნის ბავშვებისთვის უფასო სათემო ბიბლიოთეკებს.

 

ხელოვნება ხმაა 

მთხოვენ, დავხატო ყვავილები

მე კი ვხატავ, რასაც ვხედავ

პროტესტს, აყვავებულს.

 

მთხოვენ, დავხატო ბედნიერი ადამიანების პორტრეტები

მე კი ვხატავ, რასაც ვხედავ

ხალხს, გარიყულს.

 

მთხოვენ, დავხატო სახლები

მე კი ვხატავ, რასაც ვხედავ

ადამიანებს, უსახლკაროებს.

 

მთხოვენ, დავხატო სოფლები

მე კი ვხატავ, რასაც ვხედავ

სოფლებს, სწრაფად რომ იცვლებიან.

 

მთხოვენ, დავხატო ქალაქის პეიზაჟები,

მე კი ვხატავ, რასაც ვხედავ

ქალაქებს, დანაწევრებულს.

 

მთხოვენ, დავხატო ტყეები,

მე კი ვხატავ, რასაც ვხედავ

ტყეებს, განადგურებულს.

 

მთხოვენ, დავხატო ზღვის პეიზაჟები,

მე კი ვხატავ, რასაც ვხედავ

ზღვას, დამშრალს.

 

მთხოვენ, დავხატო ღმერთი –

ვისი ღმერთი, ვკითხულობ მე?

 

მთხოვენ, დავხატო ფერებით

თქვენ მხოლოდ ერთი ფერი მოგწონთ, ვპასუხობ მე.

 

მთხოვენ, დავხატო სტრიქონებს შორის

არ შემიძლია დავიტიო, ვპასუხობ მე.

 

მათ აქვთ ძალაუფლება და იყენებენ ძალას

მე მაინც წინააღმდეგობას ვუწევ.

 

ისინი ცდილობენ, გამაჩუმონ,

მაგრამ მე მტკიცე, გაბედული ვარ

ხელოვნება ჩემი ხმაა.

ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ

Information

Follow