ლუდმილა დიადჩენკო (უკრაინა)
დაიბადა 1988 წელს. არის პოეტი, ფილოსოფიის დოქტორი ლიტერატურის თეორიის მიმართულებით და უკრაინული ლიტერატურის სარეიტინგო პრემიის, „წლის წიგნის“ ექსპერტი. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მითოპოეტიკას, ჰერმენევტიკასა და სივრცით კვლევებს.
ლუდმილა დიადჩენკოს პირველი პოეტური კრებული „ხელმისაწვდომობის საფასური“ 2011 წელს გამოიცა უკრაინულად. 2024 წელს რუმინულად დაიბეჭდა „სულების გვერდიგვერდ“, ხოლო „მაგნიტური ქარიშხლები“ 2023 წელს ინგლისურად გამოიცა ამერიკაში; იმავე წელს დაიბეჭდა დიადჩენკოს იტალიური („რიცხვების ფობია“) და ბერძნულენოვანი („გეოგრაფიის ფერი“) კრებულებიც. უკრაინულ ენაზე მისი კიდევ ორი წიგნია გამოცემული: „ქათამი თურქი კაცისთვის“ (2017) და „კედემი“ (2021).
პოეტი 2012 წელს გახდა ოლეს გონჩარის სახელობის საერთაშორისო უკრაინულ-გერმანული პრემიის ლაურეატი, ხოლო 2023 წელს მშვიდობისა და პოეზიიისთვის დაჯილდოვდა საერთაშორისო იტალიური ლიტერატურული პრემიით „Ceppo Award“.
2017 წლიდან დღემდე მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო მნიშვნელობის 15 სხვადასხვა ფესტივალში. შესაბამისად, მისი ლექსები ნათარგმნია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, არაბულ, რუმინულ, ხორვატიულ, ბოსნიურ, ალბანურ, ბულგარულ, ბერძნულ, უნგრულ, ჩინურ, აზერბაიჯანულ, რუსულ და თურქულ ენებზე.
***
ხმელეთი გახდა ნახანძრალი, შემოდგომას ევიწროვება
სივრცე და გაფრთხობს, სილამაზით თუმცა ივსები,
არყის ფოთლები – წვიმისა და კათხა ლუდის მისაყოლებლად
მიმოფანტულა, როგორც ჩიფსები.
ამ ღრმა და კლდიან სანაპიროს არ სტუმრობენ ხშირად გემები,
რადგან საითაც გაიხედავ, მარტოობის შუქურა მოჩანს,
ზოგჯერ ზეწრები ფრიალებენ მავთულებზე ათასფერებად,
ზაფხულს გაყოლილ ხალხისაგან რაც კი შემორჩა.
ახლა კი ნისლი, გადაკრული, ყველის ორმაგ ფენად პიცაზე
სქელდება, ფარავს ეკრანებს და ცდილობს ყველა ჭურჭლის ავსებას,
უქმე დღეების თაფლს ბუზივით აეკარი, ტკბობას მიეცი
თვალები, სული, მთელი არსება.
პწკარედი თამთა გუგუშვილის
თარგმნა ლელა სამნიაშვილმა
