19-23 სექტემბერს თბილისი მეათედ უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს!

19-23 სექტემბერი, 2025

კალამი დუმილის წინააღმდეგ

წელს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მეათედ ტარდება, თუმცა წლევანდელი კონტექსტი ჩვენთვის უჩვეულო და რთულია,  რადგან  მწერალთა და მკითხველთა დიდი ნაწილი უკვე თითქმის მთელი წელია, უპირისპირდება ავტორიტარულ სახელმწიფოს. ქვეყანას 60-მდე პოლიტპატიმარი ჰყავს, ციხეში არიან პოეტი ზვიად რატიანი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. 2025 წლის ფესტივალის მთავარი თემაც – კალამი დუმილის წინააღმდეგ – თანამედროვე საქართველოს რეალობას ეხმიანება: ეს არის დუმილი, როგორც თანხმობის მეტაფორა, თანხმობისა იმაზე, რაც თრგუნავს, ზღუდავს და ანადგურებს თავისუფალ აზროვნებას; დუმილი, როგორც შიში რეპრესიის, ცენზურის, ძალადობის წინაშე, დუმილი, როგორც კონფორმიზმი, თვითცენზურა; დუმილი, როგორც უარი ბრძოლაზე, სოლიდარობაზე, ჩაგრულთა დაცვაზე.

წლევანდელი ფესტივალის თემა მხოლოდ ცენზურას ან პოლიტიკურ რეპრესიებს არ ეხმიანება, ის გაჩუმების, დადუმების სხვა ფორმებსაც მოიცავს: ისტორიული მეხსიერების წაშლას, კულტურული იდენტობის დეფორმაციას, კრიტიკული აზროვნების დათრგუნვას, მრავალფეროვნების განადგურებას.

კალამი –  სიტყვით ბრძოლის სიმბოლო – ლიტერატურის უკომპრომისო პასუხია ამ სიჩუმეზე.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წელს დაარსდა „მწერალთა სახლში“ და ქვეყნის კულტურული ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილად, კავკასიის რეგიონში უნიკალურ ლიტერატურულ მოვლენად იქცა, რომელიც  ხელს უწყობს მრავალფეროვანი კულტურული პროცესის განვითარებას და თბილისს რეგიონულ კულტურულ ცენტრად აქცევს. ფესტივალის განმავლობაში იმართება თემატური დისკუსიები, პრეზენტაციები, შეხვედრები ქართველ და უცხოელ მწერლებთან, ლიტერატორებთან, მთარგმნელებსა და პერფორმერებთან. ფესტივალი თანამედროვე სახელოვნებო პროცესებთან წვდომის საშუალებას აძლევს ლიტერატურითა და ხელოვნებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას. ცხრა წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს 200 მდე ავტორი ეწვია 40-ზე მეტი ქვეყნიდან, ჩატარდა 300-ზე მეტი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება. 

ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა  გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა კულტურის სფეროს. სამთავრობო ორგანიზაციების კარი ჩაიკეტა დამოუკიდებელი მწერლებისა და ხელოვანებისთვის. 2024 წელს ლიტერატურული ფესტივალი „პენ საქართველოს“ – სიტყვის თავისუფლების, სამწერლო და ჟურნალისტური საქმიანობის დამცველი ორგანიზაციის – ეგიდით გაიმართა. ამით დაიწყო ფესტივალის სიცოცხლის ახალი ეტაპი: სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობის გარეშე, ალტერნატიულ სივრცეებში. 

ორგანიზატორებისთვის წლევანდელი ფესტივალი  მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მეტ ადამიანს მივაწვდინოთ საპროტესტო ხმა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იმედი გვაქვს, რომ  წლევანდელი ფესტივალიც დარჩება საქართველოს ლიტერატურული ცხოვრების ისტორიაში, როგორც საინტერესო და შთაგონების მომცემი მოვლენა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილი. 

პროგრამის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს წარმდგენი, პარტნიორი და მხარდამჭერი ორგანიზაციების შეხედულებებს